მებაჟე ოფიცრებმა 1 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,სარფში“ სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.
მებაჟე ოფიცრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, 1 კილოგრამზე მეტი, კერძოდ, 1 229 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 259 930 ლარი შეადგინა.
კანონდამრღვევი მოქალაქის შესახებ საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
სხვა სიახლეები
კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა
28.09.2026.17:28
საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის გაფორმდა სასესხო შეთანხმება (ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტი), რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის, დაახლოებით, 158.5 მლნ ევროს გამოყოფას. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ.
პროექტის მიზანია, ოთხზოლიანი საავტომობილო გზის მონაკვეთების - ბადიაურიდან ჩალაუბნამდე (ლოტი 4 - 21.7 კმ) და ჩალაუბნიდან ბაკურციხემდე (ლოტი 5 - 9.1 კმ) კახეთის გზატკეცილის გასწვრივ და საავტომობილო გზის მონაკვეთის - გურჯაანიდან თელავამდე (36.6 კმ) მშენებლობა.
კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისათვის პროექტის ჯამური ღირებულება 316.8 მლნ ევროა და მის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მიერ უკვე დამტკიცებული და საქართველოსთვის გამოყოფილია 158 მლნ ევრო.
საავტომობილო გზების მიმართულებით განხორციელებული ეს ინვესტიციები შუა დერეფნის ეფექტიანობის გაზრდისთვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც ასევე, ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროდუქტიულობისა და მდგრადობის გაუმჯობესებას და საქართველოს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას.
პროექტის აღმასრულებელი ორგანიზაცია იქნება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ხოლო პროექტს განახორციელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.