მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სარფი" , დიდი ოდენობით ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს.
სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული 420 გრამი ოქროსა და 27 გრამი ვერცხლის ნაკეთობები სამართალდამრღვევ მოქალაქეს მცირე ზომის ხელჩანთასა და მანქანის სალონში არსებულ სივრცეებში ჰქონდა განთავსებული.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 135 545 ლარი შეადგინა.
კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
სხვა სიახლეები
სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს - აშენდება საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი
11.08.2026.15:27
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მონაკვეთზე, სტეფანწმინდა-გველეთს შორის, მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.
არსებული გზა არ აკმაყოფილებდა თანამედროვე სატრანზიტო მაგისტრალის სტანდარტებს და მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული, რის გამოც მისი უბრალო რეაბილიტაცია ვეღარ უზრუნველყოფდა საჭირო უსაფრთხოებასა და გამტარუნარიანობას, რამაც განაპირობა მონაკვეთის სრულად ახლიდან მშენებლობის აუცილებლობა.
ახალი გზის პროექტი ითვალისწინებს 2-ზოლიანი, 4.5 კმ-იანი გზის, 2 ხიდისა და 2 გვირაბის მშენებლობას, მათ შორის — საქართველოში ყველაზე გრძელი, 2 კმ-იანი ხიდის აშენებას.
სამშენებლო მონაკვეთი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და სტეფანწმინდადან დარიალის ახალ გვირაბამდე გადის. ამჟამად 460 მეტრი სიგრძის გვირაბი უკვე გაჭრილია და მიმდინარეობს შიდა მოსახვის სამუშაოები, მეორე, 846 მეტრი სიგრძის გვირაბზე კი მიმდინარეობს ბურღვითი სამუშაოები. ორივე გვირაბზე ასევე ეწყობა ხიმინჯები.
სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთი გზის ერთ-ერთი ყველაზე რთული და ამავდროულად მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება როგორც მგზავრობის უსაფრთხოება, ისე რეგიონის წვდომა საჭირო სერვისებზე წლის ნებისმიერ სეზონზე.
პროექტის ღირებულება 215.5 მილიონი ლარია, ხოლო მისი დასრულება იგეგმება 2027 წელს.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციისთვის მნიშვნელობის მაგისტრალია - იგი E117 ევროპული მარშრუტისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანზიტო დერეფნის ნაწილია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ხელშეწყობაში. გზის მოდერნიზება გრძელდება რამდენიმე მიმართულებით - მათ შორის, ამავე გზაზე მიმდინარეობს ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი მონაკვეთისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობაც, სადაც მთავარი, 9 კმ-იანი გვირაბი უკვე გაჭრილია, ხოლო წლის ბოლომდე დასრულდება გუდაურამდე მისასვლელი ახალი გზის მშენებლობა.
მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება წლის ნებისმიერ დროს უსაფრთხოდ ისარგებლოს გზით და მიიღოს წვდომა საჭირო ეკონომიკურ და სოციალურ სერვისებზე.