მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ქუთაისის აეროპორტში" არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონით 219.81 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 77 202 ლარი შეადგინა.
სამართალდამრღვევი მოქალაქეების საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
სხვა სიახლეები
ე.წ. დეზერტირების ბაზარი აუცილებლად უნდა განახლდეს - თბილისის ვიცე-მერი
25.09.2026.11:04
ე.წ. დეზერტირების ბაზარი აუცილებლად უნდა განახლდეს, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას თბილისის ვიცე-მერმა, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.
„რაც შეეხება დეზერტირების ბაზარს, პირველ რიგში, დამეთანხმებით, რომ არსებული შენობა არის ავარიული და იქ არსებული სიტუაცია ნამდვილად საჭიროებს განახლებას.
ასევე მინდა ვთქვა, რომ ნებართვაც კი არის გაცემული კერძო მესაკუთრეზე, რომლითაც ახალი სავაჭრო ცენტრი უნდა იქნეს აშენებული. თუმცა აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ იქნეს იმ ადამიანების ინტერესი დარღვეული და იქნეს დაცული, რომლებიც ამჟამად არიან იქ დაკავებულები ვაჭრობით და ეს წარმოადგენს მათთვის შემოსავლის წყაროს.
და ზუსტად ამ მიმართულებით იყო ორი დღის წინ თბილისის მერის განცხადება გაკეთებული და მან აღუთქვა ამ ადამიანებს სრული მხარდაჭერა იმისათვის, რომ არცერთი ადამიანი არ დარჩება იმგვარად, რომ მას არ ჰქონდეს შესაძლებლობა თავიანთი საქმიანობის გაგრძელების.
ადმინისტრაცია არის ვალდებული, ვიდრე რაიმე სახის სამუშაოები იქნება განხორციელებული, ამ ადამიანების მიმართ იქნეს შეთავაზებული ალტერნატიული შესაძლებლობა, ალტერნატიული ფართები და ამ მხრივ ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ.
კიდევ ერთხელ, მეც, ჩემი მხრივ, მინდა მივმართო ამ ადამიანებს და დავუდასტურო თბილისის მერიის გვერდში დგომა და თითოეული მათგანი იქნება აბსოლუტურად იმ შეთავაზებებით, რომელიც იქნება მათთვის მისაღები.
აქედან გამომდინარე, სანერვიულო ამ მხრივაც არ არის, თუმცა დეზერტირების ბაზარი აუცილებლად უნდა განახლდეს“, - აცხადებს გიორგი ტყემალაძე.