მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
3-4 აპრილს, საბაჟო გამშვები პუნქტი - „ქუთაისის აეროპორტში“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 3 ფაქტი აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონით 131 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 34 440 ლარი შეადგინა.
ერთი სამართალდამრღვევი პირის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო ორი კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, საერთო ჯამში 19 424 ლარით დაჯარიმდა.
ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ზამთრის პერიოდში, საქართველოში არც ერთი მიმართულებით მოძრაობა არ ჩაგვეკეტოს - რევაზ სოხაძე
17.09.2026.18:23
„დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან ერთად გავეცანით რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ძირითადად, ეს იყო საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ვიმყოფებოდით ხულო-ზარზმის მონაკვეთზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ქვეყნისთვის და მთლიანად რეგიონისთვის“ - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
მინისტრმა ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა და პროექტის მიმდინარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 44 კილომეტრზე უკვე დასრულებულია, დარჩენილ 3 კილომეტრზე კი სამუშაოები გრძელდება.
„პრობლემას წარმოადგენს მეწყრული მონაკვეთები, რომლებიც საკმაოდ ბევრია და რთულ საინჟინრო გადაწყვეტებს მოითხოვს. წელს ამ 3 კილომეტრიდან 1600 მეტრზე დასრულდება სამუშაოები. ერთ-ერთი ლოკაცია სწორედ ეს არის, სადაც ახლა ვიმყოფებით და სადაც ძალიან რთული და მოცულობითი სამუშაო ტარდება თითოეული მეტრის დასაცავად, რომ საბოლოოდ გადაიჭრას მეწყრული ზონებით გამოწვეული პრობლემა“ - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის განცხადებით, ხულო-ზარზმის გზის დარჩენილი მონაკვეთის სრულად დასრულება მომავალი წლისთვის იგეგმება. ამასთან, დარჩენილია ერთი პრობლემური მონაკვეთი, რომლისთვისაც საინჟინრო გადაწყვეტის შესამუშავებლად ცალკე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება.
„დარჩება ერთი პრობლემური მონაკვეთი, რომელზეც ცალკე საერთაშორისო ტენდერს გამოვაცხადებთ კვლევისთვის, რათა უკვე სწორი საინჟინრო გადაწყვეტა დაიდოს და ეს პრობლემაც სათანადოდ მოგვარდეს“ - განაცხადა მინისტრმა.
რევაზ სოხაძემ ასევე ისაუბრა გოდერძის უღელტეხილზე ზამთრის პერიოდში გადაადგილების უზრუნველყოფის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე.
მისი თქმით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაიწყებს შესაბამის სამუშაოებს, რათა ახალციხის მხრიდან ხულოს მიმართულებით გადაადგილება ზამთრის პერიოდში აღარ შეფერხდეს.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაიწყებს მუშაობას იმისთვის, რომ ახალციხის მხრიდან ხულოსკენ მოძრაობა ზამთრის პერიოდში აღარ ჩაიკეტოს. გოდერძის უღელტეხილზე, როგორც იცით, ზამთრის პერიოდში მოძრაობა ხშირად იკეტება. ჩვენ შევიძენთ შესაბამის ტექნიკას და შემდგომში, ზამთრის პერიოდში განვახორციელებთ მოვლა-შენახვას, იმისთვის, რომ მოძრაობა მუდმივად იყოს გახსნილი“ - აღნიშნა მინისტრმა.
რევაზ სოხაძის განცხადებით, ზამთრის პერიოდში გზებზე შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფა ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
„ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართულებით იქნება ის, რომ საქართველოში არც ერთი მიმართულებით, უმეტეს შემთხვევაში, მოძრაობა ზამთრის პერიოდში არ ჩაგვეკეტოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“- აღნიშნა სოხაძემ.