მებაჟე ოფიცრებმა სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.
,,სარფის" საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში, 979 აბი ნარკოტიკული საშუალება ,, მდმა" და ფსიქოტროპული ნივთიერების (,,პრეგაბალინი") შემცველი 47 კაფსულა მედიკამენტი გამოავლინეს.
სამართალდამრღვევ მოქალაქეს, 2 შეფუთვად დაფასოებული აკრძალული საშუალებები სხეულის სხვადასხვა ადგილას მალულად ჰქონდა განთავსებული.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.
სხვა სიახლეები
საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოების ხარისხის მონიტორინგი გრძელდება
21.09.2026.11:38
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე და დასრულებულ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოების ხარისხის მონიტორინგს რეგულარულად ახორციელებს. აღნიშნული პროცესის ფარგლებში ხარისხის კონტროლი მიმდინარეობს ქვეშეთი–კობის ახალი გზისა და გვირაბის მშენებლობის პროექტზეც.
მონიტორინგის ფარგლებში მოწმდება როგორც გამოყენებული სამშენებლო მასალების ხარისხი, ისე შესრულებული სამუშაოების შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან. მათ შორის, კონტროლდება ასფალტ-ბეტონისა და ბეტონის ხარისხი, არმატურა, გზის საფუძვლის ფენები, საინჟინრო ნაგებობების მდგომარეობა, გზების საექსპლუატაციო პარამეტრები და საგზაო უსაფრთხოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
ამ ეტაპზე, ქვეშეთი–კობის პროექტზე მიმდინარე გეგმური მონიტორინგის ფარგლებში შემოწმდა საყრდენი კედლებისა და გვირაბის კედლების მოსაწყობად გამოყენებული ბეტონის ხარისხი. ასევე განხორციელდა 9-კილომეტრიანი მთავარი და მისი პარალელური საევაკუაციო გვირაბების ტოპოგრაფიული აგეგმვა.
შემოწმების შედეგები შესაბამისი დასკვნების მომზადების საფუძველია, რის მიხედვითაც, საჭიროების შემთხვევაში, განისაზღვრება შემდგომი ღონისძიებები.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მონიტორინგისა და ხარისხის კონტროლის სამსახური საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ხარისხის გეგმურ მონიტორინგს ქვეყნის მასშტაბით გააგრძელებს.