„მედიაწიგნიერების კუთხით, მნიშვნელოვანი შედეგები უმოკლეს დროშია მიღწეული“ - ევროპელი კოლეგები ComCom-ზე
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ნათია კუკულაძემ, ევროკავშირის ციფრული და მედია წიგნიერების კონფერენციის - „მედიაწიგნიერება მნიშვნელოვანია"-ს ფარგლებში, პრეზენტაცია გამართა, რომელიც, საქართველოში მედიაწიგნიერებისა და ციფრული ინკლუზიის მიმართულებით, ComCom-ის პოლიტიკასა და განხორციელებულ პროექტებს ეხებოდა. სიტყვით გამოსვლისას, ნათია კუკულაძემ მონაწილეებს ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების ინტეგრირებისა და სხვა განხორციელებული პროექტების შესახებ, საქართველოში არსებული წარმატებული გამოცდილება გაუზიარა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ციფრული უნარ-ჩვევების გაძლიერებაზე, ასევე, ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებზე ისაუბრა.
„კომისიის პოლიტიკაა, მოხდეს მედიაწიგნიერების სისტემური ინტეგრირება ფორმალურ განათლებაში, განათლების ყველა საფეხურზე. ეს არის მიდგომა, რომელიც მდგრად განვითარებაზეა ორიენტირებული და უზრუნველყოფს ჩვენი მოზარდებისა და ახალგაზრდების კომპეტენციებისა თუ უნარების მეტად განვითარებას ტექნოლოგიური პროგრესის თანმხლებ გამოწვევებთან გასამკლავებლად. ეს კვირეული, თითოეული კონფერენცია და კოლეგების გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია და მოხარული ვარ, რომ საქართველო, მედიაწიგნიერების განვითარებისკენ მიმართული ძალისხმევით, ხედვითა და პოლიტიკით, ერთ-ერთი მოწინავეა." - განაცხადა ნათია კუკულაძემ.
პანელურ სესიაზე, რომლის ძირითად თემას მედიაწიგნიერების სტრატეგიის შემუშავება წარმოადგენდა, ComCom-ის წევრთან ერთად, მონაწილეობა მედიაწიგნიერების საერთაშორისო ექსპერტებმა - რენე ჰობსმა და იონტი ფრისემმაც მიიღეს, რომლებიც ამერიკულ მაგალითებზე დაყრდნობით, ქვეყანაში მედიაწიგნიერების სტრატეგიის შემუშავებაზე მსჯელობდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, მარიამ დახუნდარიძემ მიიღო.
სესიის დასრულების შემდგომ, კოლეგებმა ხაზი გაუსვეს, თუ რამხელა პროგრესი აქვს კომუნიკაციების კომისიას და აღნიშნეს, რომ განსაკუთრებით მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების კუთხით, მნიშვნელოვანი შედეგები უმოკლეს დროშია მიღწეული.
შეგახსენებთ, რომ კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას სფეროს ექსპერტები, პედაგოგები, პოლიტიკის შემქმენელები და სხვა დაინტერესებული მხარეები იღებდნენ, მიზნად ციფრული და მედიაწიგნიერების ინიციატივების, დეზინფორმაციასთან გამკლავების, მოზარდებში ციფრული უნარ-ჩვევების განვითარებისა და ასევე, მედიაწიგნიერების მიმართულებით, მომავლის ტექნოლოგიების გამოწვევების შესახებ საუკეთესო პრაქტიკისა თუ ინფორმაციის გაზიარებას ისახავდა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.