მედიკამენტების იმპორტთან დაკავშირებული რეგულაციების ამოქმედება 6 თვით გადავადდა
ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, ფარმაცევტული სექტორისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა, ის ცვლილებები განიხილეს, რომლებიც ქვეყანაში, მედიკამენტებისა და მათი დამზადებისთვის საჭირო ინგრედიენტების იმპორტირებისას, შესაბამისი მარეგულირებლის მიერ გაცემული დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულებას აწესებს.
ცვლილების ამოქმედება 1-ლი აპრილიდან იგეგმებოდა, თუმცა შეხვედრაზე, სექტორის წარმომადგენლებმა, ვადის გახანგრძლივების ინიციატივა დააყენეს. მხარეები, 6-თვიან გარდამავალ პერიოდზე შეთანხმდნენ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით გაგრძელდება.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, უწყების პრიორიტეტი მედიკამენტების ხარისხის კონტროლი და მომხმარებლების ინტერესების დაცვაა.
„პრიორიტეტულია, საქართველოში, მედიკამენტების სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა და მომხმარებლის ინტერესების მაქსიმალურად დაცვა, თუმცა მწარმოებელთა ინტერესების დაბალანსებულად დაცვის პირობით. მათი დაცვის პირობით, ისეთი შეზღუდვებისგან, რომელიც ჩაითვლება არასაჭიროდ, ზემოაღნიშნულ პრიორიტეტთან მიმართებაში”,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
შეხვედრაზე, შეთანხმდნენ, რომ სამინისტრო, უახლოეს პერიოდში, ამ კონკრეტული მიმართულებით, შესაბამის ცვლილებებს დააინიციირებს.
შეხვედრას სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და ბიზნესომბუდსმენი ოთარ დანელია ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.