მეღვინეები არიან ხელოვანები და ჩვენ, როგორც გამყიდველები და სომელიეები, ვართ ამბის მთხრობელები - სანდრა სპოლდინგი
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს ამერიკელი ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ.
სტუმრებს შორის იყვნენ კომერციული სექტორის და ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners“ წარმომადგენლები. პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და, შესაბამისად, ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისთვის, ქართული ღვინის წარდგენა ამერიკელი პროფესიონალების წინაშე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
7-კაციანი ჯგუფის წევრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთში ესტუმრნენ, სადაც ქართული ღვინის დაყენების ისტორიას და ტრადიციებს გაეცნენ, ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები.
„პირველ რიგში, მსურს მადლობა გადავუხადო ღვინის ეროვნულ სააგენტოს ჩვენი მოწვევისთვის. საქართველოში არის ევროპული მეღვინეობის სტილი, ასევე, პატივს სცემენ მემკვიდრეობას და ტრადიციას; ამ ორის ნაზავი არის მშვენიერი. ჩვენ ძალიან მოგვეწონა ქვევრის ღვინო. მე ყოველთვის ვამბობ, რომ მეღვინეები არიან ხელოვანები და ჩვენ, როგორც გამყიდველები და სომელიეები, ვართ ამბის მთხრობელები”, - აღნიშნა ჯგუფის წევრმა სანდრა სპოლდინგმა (Sandra Rose Marie Spalding).
ვიზიტის ფარგლებში, თბილისში გამართულ სპეციალურ დეგუსტაციაზე, ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ჯგუფის წევრებს შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ 30 კომპანიის სხვადასხვა ღვინოს. ქართველმა ღვინის მწარმოებლებმა შეფასებები მიიღეს ამერიკელი პროფესიონალებისგან. აღნიშნულ ღონისძიებაზე, ქართული ღვინის ისტორიის, კულტურის და მევენახეობა-მეღვინეობის დარგის შესახებ პრეზენტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს მრჩეველმა ირაკლი ჩოლობარგიამ გამართა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.