მელიორაციის სექტორში სემეკის მიერ განხორციელებული რეგულაციები მსოფლიო ბანკმა დადებითად შეაფასა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქართველოს მელიორაციის სექტორში განხორციელებულმა რეგულაციებმა მსოფლიო ბანკის დადებითი შეფასება მიიღო.
საერთაშორისო პარტნიორის შეფასებით, სემეკის მიერ შემუშავებული მარეგულირებელი ჩარჩო წარმოადგენს მნიშვნელოვან ისტორიულ ნაბიჯს გამჭვირვალე, პროგნოზირებადი და ანგარიშვალდებული საირიგაციო წყლის მართვისკენ. შეფასება ადასტურებს, რომ მელიორაციის სექტორში შექმნილი რეგულაცია სექტორის რეფორმის პრაქტიკული განხორციელების მნიშვნელოვანი ინსტიტუციური საფუძველია. მსოფლიო ბანკის მიერ აღინიშნა, რომ საქართველოს საირიგაციო სექტორში მოცულობითი ტარიფის სისტემაზე გადასვლის, საბითუმო და საცალო წყლის მომხმარებლებისთვის დიფერენცირებული სატარიფო მიდგომის ჩამოყალიბება, შესაძლოა, სხვა ქვეყნებისთვის სასარგებლო გამოცდილებად იქცეს.
სემეკის მიერ საქართველოს მელიორაციის სექტორში შეიქმნა ახალი მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც მიზნად ისახავს საირიგაციო წყლის მიწოდების უფრო გამჭვირვალე, წინასწარ პროგნოზირებადი და მომხმარებელზე ორიენტირებული წესების დამკვიდრებას. სემეკის მიერ დამტკიცებული რეგულაციები ქმნის საფუძველს, რომ მომხმარებელს ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია წყლის მიწოდების პირობებზე, წყალსარგებლობის განრიგზე, მიწოდების წერტილზე, დარიცხვასა და საკუთარი უფლებების დაცვის მექანიზმებზე.
მელიორაციის სექტორში მიმდინარე რეფორმა კომპლექსურ სახელმწიფოებრივ მიდგომას ეფუძნება, რომელიც მოიცავს საქართველოს მთავრობის პოლიტიკასა და მხარდაჭერას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივ სტრატეგიულ მიდგომებს, შპს „საქართველოს მელიორაციის“ საოპერაციო საქმიანობას, მსოფლიო ბანკის მრავალწლიან პარტნიორობასა და სემეკის დამოუკიდებელ მარეგულირებელ როლს.
სხვა სიახლეები
სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს - აშენდება საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი
11.08.2026.15:27
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მონაკვეთზე, სტეფანწმინდა-გველეთს შორის, მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.
არსებული გზა არ აკმაყოფილებდა თანამედროვე სატრანზიტო მაგისტრალის სტანდარტებს და მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული, რის გამოც მისი უბრალო რეაბილიტაცია ვეღარ უზრუნველყოფდა საჭირო უსაფრთხოებასა და გამტარუნარიანობას, რამაც განაპირობა მონაკვეთის სრულად ახლიდან მშენებლობის აუცილებლობა.
ახალი გზის პროექტი ითვალისწინებს 2-ზოლიანი, 4.5 კმ-იანი გზის, 2 ხიდისა და 2 გვირაბის მშენებლობას, მათ შორის — საქართველოში ყველაზე გრძელი, 2 კმ-იანი ხიდის აშენებას.
სამშენებლო მონაკვეთი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და სტეფანწმინდადან დარიალის ახალ გვირაბამდე გადის. ამჟამად 460 მეტრი სიგრძის გვირაბი უკვე გაჭრილია და მიმდინარეობს შიდა მოსახვის სამუშაოები, მეორე, 846 მეტრი სიგრძის გვირაბზე კი მიმდინარეობს ბურღვითი სამუშაოები. ორივე გვირაბზე ასევე ეწყობა ხიმინჯები.
სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთი გზის ერთ-ერთი ყველაზე რთული და ამავდროულად მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება როგორც მგზავრობის უსაფრთხოება, ისე რეგიონის წვდომა საჭირო სერვისებზე წლის ნებისმიერ სეზონზე.
პროექტის ღირებულება 215.5 მილიონი ლარია, ხოლო მისი დასრულება იგეგმება 2027 წელს.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციისთვის მნიშვნელობის მაგისტრალია - იგი E117 ევროპული მარშრუტისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანზიტო დერეფნის ნაწილია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ხელშეწყობაში. გზის მოდერნიზება გრძელდება რამდენიმე მიმართულებით - მათ შორის, ამავე გზაზე მიმდინარეობს ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი მონაკვეთისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობაც, სადაც მთავარი, 9 კმ-იანი გვირაბი უკვე გაჭრილია, ხოლო წლის ბოლომდე დასრულდება გუდაურამდე მისასვლელი ახალი გზის მშენებლობა.
მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება წლის ნებისმიერ დროს უსაფრთხოდ ისარგებლოს გზით და მიიღოს წვდომა საჭირო ეკონომიკურ და სოციალურ სერვისებზე.