მერია აღმაშენებელზე კაფეებს სივრცეების მოწესრიგების ვადას 24 აგვისტომდე აძლევს
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, აღმაშენებლის გამზირზე ღია კაფე-ბარები უნდა შემცირდეს მოცულობაში და ეს საკითხი 25 აგვისტომდე უნდა მოწესრიგდეს.
თბილისის მერმა ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძემ მუნიციპალური ინსპექციის სამსახურს დაავალა, თავად მოახდინონ ღია კაფე-ბარების დემონტაჟი, თუ 24 აგვისტომდე მერიას ფართობის შემცირების შესაბამისი პროექტით თავად არ მიმართავენ .
კახა კალაძის განცახდებით, აღმაშენებლის გამზირზე არსებული მდგომარეობა უცვლელი ვერ დარჩება.
„მე რამდენიმე მთავრობის სხდომის წინ ვისაუბრე აღმაშენებლის გამზირზე არსებულ კაფეებზე, ბარებზე, სადაც, ფაქტობრივად, ფეხით გავლა შეუძლებელია. გარეთ გამოტანილი აქვთ მაგიდები, სკამები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას არ ვზღუდავთ, პირიქით, იცით პანდემიის პირობებში და იმ რთულ წლებში როგორი მხარდაჭერა და თანადგომა იყო მერიის მხრიდან, მაგრამ ასე გაგრძელება, როგორც დღეს გაქვთ ეს ყველაფერი გაკეთებული, უბრალოდ კატეგორიულად მიუღებელია და შეუძლებელია.
ჩვენ ვთქვით, რომ ვიძლევით კონკრეტულ ვადას, რომ მოგეცეთ შესაძლებლობა, მოაწესრიგოთ ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც ეს ღია კაფეები უნდა შემცირდეს მოცულობაში იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა და პრობლემას არ წარმოადგენდეს თუნდაც ქვეითად მოსიარულეთათვის, პრობლემას არ წარმოადგენდეს სასწრაფო დახმარების ბრიგადებისთვის, სახანძრო ავტომობილებისთვის და ა.შ. დღეის მდგომარეობით, მე რა ინფორმაციაც მაქვს, ძალიან ცოტა ადამიანმა მოგვმართა იმისთვის, რომ მოეწესრიგებინა თავისი სივრცე, თავისი კაფე-ბარების არეალი. ეს ძალიან ცუდია, თუ ვინმე ფიქრობს იმას, რომ როგორც არის დღეს, ასე დარჩება და ასე შეძლებთ მუშაობის გაგრძელებას, ტყუილია, არ გამოვა ასე, იმიტომ, რომ ჩვენთვის როგორც თქვენ ხართ მნიშვნელოვანი, თქვენთან დასაქმებული ადამიანები არიან მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია იქ მცხოვრები ოჯახები, იქ მიმსვლელი ადამიანები, რომლებიც იყენებენ აღნიშნული ქუჩის მონაკვეთს და ვიზუალურადაც გემოვნების თემაა, მაგრამ ძალიან მძიმე სანახავია თუ როგორ არის ეს ყველაფერი გაკეთებული და თუნდაც შეფუთული.
შესაბამისად, ჩვენი არქიტექტურის სამსახურიც მზად არის თანამშრომლობისთვის. მინდა გითხრათ, რომ ეს გონივრული ვადა თავდება, დასასრულს უახლოვდება, აგვისტოს 25 რიცხვამდე თუ არ იქნება მოწესრიგებული აღნიშნული სივრცეები კანონის ფარგლებში, ჩვენი შესაბამისი სამსახურები, მუნიციპალური ინსპექცია თავად განახორციელებს აღნიშნულის დემონტაჟს. გეძლევათ უფლება და გავალებთ მუნიციპალურ ინსპექციას, 24 აგვისტომდე თუ არ იქნება შემოსული შესაბამისი წინადადებები არქიტექტურულ ნაწილში თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის რეგულაცია და მოწესრიგება, რა თქმა უნდა, უნდა ვიმოქმედოთ და მოვაწესრიგოთ, რადგან უამრავი ადამიანი გამოთქვამს გულისტკივილს“,- განაცხადა კალაძემ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.