მესტიის მუნიციპალიტეტში სამი ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლების მშენებლობას განაგრძობს, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი მესტიის მუნიციპალიტეტში სოფელ იდლიანის, ნაკრასა და იფარის საჯარო სკოლების მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
„პროექტის ფარგლებში შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 90 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლები. სასწავლო სივრცეებში მოეწყობა საკლასო და ადმინისტრაციული ოთახები, ბიბლიოთეკები, ასევე სპორტული მოედნები.
განახლებული სასკოლო ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
26 მაისს, GITA - ს ტექნოლოგიური პავილიონი ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე იქნება წარმოდგენილი
25.05.2026.12:23
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პავილიონი 26 მაისს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე იქნება წარმოდგენილი. სააგენტო წელსაც განსაკუთრებული, ტექნოლოგიური და ინოვაციური სტენდით დახვდება სტუმრებს. დაგეგმილი აქტივობები მრავალფეროვანია და მოიცავს 3D მოდელირების ვორქშოფს, რომლის ფარგლებშიც 26 მაისის თემატიკაზე შეიქმნება 3D მოდელები და ადგილზევე იქნება ნაჩვენები ბეჭდვის პროცესი, ჩატარდება ასევე ვორქშოფი თემაზე 3D მოდელირება და ბეჭდვა. ვორქშოფის მონაწილეები მიიღებენ 3D პრინტერზე დაბეჭდილ 26 მაისის თემატიკის სუვენირებს.
GITA - ს სივრცეში საბავშვო აქტივობებიც დაგხვდებათ. Snap circuits და lego spike ვორქშოფში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ნახონ სხვადასხვა ფუნქციის მქონე რობოტები და ჩაერთონ აწყობის პროცესში, დაათვალიერონ რობოტების გამოფენა (DJI რობოტი, MasterPI რობოტი) და თავად შეაფასონ მათი შესაძლებლობები. მონაწილეები გაეცნობიან ასევე ზოგად ინფორმაციას რობოტების მუშაობისა და პროგრამირების შესახებ.
GITA-ს პავილიონში წარმოდგენილი იქნება ასევე ასაწყობი ფაზლი 26 მაისის თემატიკაზე, დაინტერესებული პირები კი შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ დრონების ვორქშოფშიც, რომლის შემდგომაც დრონების სიმულატორის მეშვეობით შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ და გატესტონ დრონის მართვა.
მთელი დღის განმავლობაში ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ VR სათვალეების ვორქშოფში, სადაც, პრაქტიკულ ნაწილთან ერთად, განხილული იქნება VR ტექნოლოგიების გამოყენება ისეთ სფეროებში, როგორიცაა მედიცინა, ინჟინერია და ა.შ. 3D სკანირების ვორქშოფში კი დაინტერესებული პირები მოისმენენ პრეზენტაციას 3D სკანირების, როგორც ტექნოლოგიის ინოვაციურ გამოყენებაზე სხვადასხვა ინდუსტრიაში. მოხალისეები სადემონსტრაციოდ დასკანერების პროცესშიც მიიღებენ მონაწილეობას.
პავილიონში ჩატარდება ინდუსტრიული რობოტი ხელი NYIRIO და UNITRI რობოტების ვორქშოფი და ასევე მოეწყობა საინფორმაციო სივრცე/Touch screen (Android System), სადაც წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის შესახებ, რომელიც უახლოეს მომავალში საზეიმოდ გაიხსნება.