მესტიის ქორწინების სახლის პროექტი 2 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია Japan International Design Award - ნომინაცია „ქვეყნის ისტორიულ მოტივებზე შექმნილი საუკეთესო საკულტო არქიტექტურა“, Rome Design Award – ნომინაცია „კონცეპტუალური დიზაინი“ - ვახტანგ ჟვანია
მესტიის ქორწინების სახლის პროექტი 2 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია
Japan International Design Award- ნომინაცია „ქვეყნის ისტორიულ მოტივებზე შექმნილი საუკეთესო საკულტო არქიტექტურა“, Rome Design Award-ზე – ნომინაცია - „კონცეპტუალური დიზაინი“ - ამის შესახებ, იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„მესტია მართლაც გამორჩეული პროექტია და ამას მეტყველებს ის, რომ ჯერ არ დაწყებულა მშენებლობა და უკვე არქიტექტურულმა პროექტმა ორი გამარჯვება მოიპოვა საერთაშორისო კონკურსებზე - ერთი რომში, მეორე ტოკიოში, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენ გავითვალისწინეთ მაქსიმალურად მესტიისთვის დამახასიათებელი არქიტექტურა, ტრადიციები და, ასევე, ეს ყველაფერი გავაზავეთ თანამედროვე არქიტექტურაში.
მივიღეთ გამორჩეული პროექტი და ამ მშენებლობის დაწყების შესახებ მესტიაშივე დავაანონსეთ.
ბუნებრივია, ამ პროექტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, იმიტომ რომ ხელს უწყობს და შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მესტიისთვის. ასევე, ეს იქნება მორიგი გამორჩეული ლოკაცია იუსტიციის სახლისთვის. მოგეხსენებათ, ქორწინება იუსტიციის სახლში ხელმისაწვდომი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სერვისია, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით საინტერესოა ტურისტებისთვის.
ამიტომაც, როცა ვგეგმავდით ჩვენს პოლიტიკას ქორწინების სახლებთან მიმართებით, ბუნებრივია, განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ ისეთ ლოკაციებზე, სადაც ტურიზმი ასე თუ ისე განვითარებულია და მას ხელშეწყობა სჭირდება.
ასე რომ, დარწმუნებული ვარ, მშენებლობის შემდეგ ეს გახდება ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი, რომელსაც ესტუმრება არა მარტო საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობა, არამედ ძალიან ბევრი უცხოელიც, რომელიც სწორედ ამ ქორწინების სახლიდან გამომდინარე მოხვდება მესტიაში“, - აცხადებს ვახტანგ ჟვანია.
სხვა სიახლეები
ვგეგმავთ მობილური იუსტიციის სახლების რაოდენობის ზრდას - ვახტანგ ჟვანია
29.07.2026.16:24
ვგეგმავთ მობილური იუსტიციის სახლების რაოდენობის ზრდას - ამის შესახებ, იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„თქვენ მოგეხსენებათ, რომ დღეს იუსტიციის სახლი ოპერირებს 127 ფილიალით და, ასევე, ჩვენ სერვისების მიწოდებას ვახორციელებთ მობილური იუსტიციის სახლებითაც.
ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამი იუსტიციის სახლის მშენებლობა უკვე დასასრულს უახლოვდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის მცხეთა, ასევე ზოტი და ჭალა. ბოლოსკენ არის ასევე მშენებლობის პროცესი ახმეტაშიც, რაზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან მალე ამ ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში იუსტიციის სახლები იქნება წარმოდგენილი და იქაც ზუსტად 500-ზე მეტი სერვისით სარგებლობას შეძლებენ ჩვენი მოქალაქეები, როგორც, თუნდაც, ცენტრალურ იუსტიციის სახლში, თბილისში.
რა თქმა უნდა, ეს არ არის დასასრული. ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ სახელმწიფო შესყიდვა წალენჯიხის იუსტიციის სახლის მშენებლობაზე. მოგეხსენებათ, წინა წელს მინისტრმა დააანონსა წალენჯიხაში იუსტიციის სახლის მშენებლობა და, ბუნებრივია, ჩვენ ჩვენს ნათქვამ სიტყვას პასუხისმგებლობით ვეკიდებით. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი უკვე დაძრულია. განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვა, გამოცხადდება გამარჯვებული კომპანია, რომელიც ააშენებს წალენჯიხის იუსტიციის სახლს.
რა თქმა უნდა, როცა ვლაპარაკობთ ლოკაციების ზრდაზე, ბუნებრივია, ეს არ არის ქაოტური პროცესი. ამ პროცესს და ლოკაციის არჩევას ყოველთვის საფუძვლად უდევს კვლევა. ამ კვლევის საფუძველზე ხდება საჭიროებების განსაზღვრა მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად და მერე უკვე იუსტიციის სახლს აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ აირჩიოს, საჭიროა შენობის აშენება თუ მობილური იუსტიციის სახლი დაფარავს ამ საჭიროებებს.
სწორედ ამიტომ, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვგეგმავთ და უკვე ვასრულებთ კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე ვგეგმავთ მობილური იუსტიციის სახლების რაოდენობის ზრდასაც, რადგან მობილური იუსტიციის სახლი ბევრად უფრო ეკონომიურია და ნაკლები ხარჯი უჯდება სახელმწიფოს. ამიტომ, სწორედ ამ გონივრული და სწორი პოლიტიკის საფუძველზე ხდება კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება.
მთავარი, რასაც ამ ყველაფერს საფუძვლად უდევს, არის დღევანდელი ხელისუფლების პოზიცია, რომ ნებისმიერი სახელმწიფო სერვისი, რომელიც ადამიანს სჭირდება, მისთვის ხელმისაწვდომი იყოს. ამ ხელმისაწვდომობაში არ იგულისხმება მარტო ლოკაცია და სახლთან ახლოს ყოფნა კონკრეტული იუსტიციის სახლისა; ამაში იგულისხმება კომფორტული გარემო, სერვისის მიწოდების ხარისხი და, ასევე, ყოველდღიური განვითარება, რომელიც ჩვენი მთავარი მიზანია ყოველდღიური საქმიანობის ნაწილში“, - აცხადებს ვახტანგ ჟვანია.