მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია სადგურის დაკეტვის გარეშე განხორციელდება
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები მეტროსადგურის დაკეტვის გარეშე ჩატარდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, რეაბილიტაციის პროცესში მეტროსადგური მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება.
„მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პროცესი ძალიან გაჭიანურდა. გამარჯვებულმა კომპანია „მამისონმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ვერ და არ შეასრულა. შესაბამისად, მოგვიწია მისი გაშვება და დღეს აღნიშნულ სამუშაოებს კომპანია „ბადა კონსტრაქშენი“ შეასრულებს. როდესაც პროექტის განხორციელებას ვიწყებდით, მთავრობის სხდომაზე ვთქვით, რომ მეტროსადგურის დროებით დაკეტვა მოგვიწევდა. დღეს კი მინდა გაცნობოთ, რომ სადგურის დაკეტვა არ დაგვჭირდება და რეაბილიტაცია ისე ჩატარდება. სამუშაოს შესრულების ჯამური ვადა შეადგენს 18 თვეს და გეგმის მიხედვით, მომდევნო წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
აღნიშნულ პროექტზე საუბრისას კახა კალაძემ დეტალურად ისაუბრა მეტროსადგურის რეაბილიტაციის პროცესში უკვე დაწყებულ და დაგეგმილ სამუშაოებზე.
მისი თქმით, რეკონსტრუქციის ფარგლებში, უკვე შემუშავდა სამუშაოთა წარმოების პროექტი სადგურის დაბლა ბაქანზე განხორციელდა აზბესტის ჭერის დემონტაჟი სრულად; მიმდინარეობს ბაქნის ქვედა სამეურნეო სივრცეების სარემონტო სამუშაოები; განხორციელდა ბაქნის სივრცის დეტალური სკანირება, რაც აუცილებელია ჭერის მოპირკეთების პროექტის საბოლოო დაზუსტებისთვის.
„უახლოეს პერიოდში ასევე, დაგეგმილია: ესკალატორის დახრილ გვირაბში აზბესტის ჭერის დემონტაჟი; ბაქნის იატაკზე არსებული ფილების დემონტაჟი, მოჭიმვის მოწყობა და პროექტით გათვალისწინებული ფილების მონტაჟი. როგორც გითხარით, სამუშაოები არ საჭიროებს მეტროსადგურის დახურვას და ის ჩვეულ რეჟიმში იფუნქციონირებს. გარკვეულ არეალებში იქნება შეზღუდვები, როდესაც უშუალოდ ბაქნის მოპირკეთების სამუშაოები წარიმართება. ამაზე ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.