მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის გამო შექმნილი დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიშს ვუხდი, თუმცა, სხვანაირად ამ მასშტაბის სამუშაოების წარმოება შეუძლებელია - კახა კალაძე
„მეტროსადგურის გახსნის შემდეგ, სამუშაოები გაგრძელდება, მაგრამ ეს მოხდება მაშინ, როცა მეტროს სამუშაო საათები დასრულებული იქნება და იქ მგზავრები არ იქნებიან“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
კახა კალაძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი მუშაობს იმ მიმართულებით, რომ რეაბილიტაციის პროცესში, აღნიშნული სადგური ერთი საათით გვიან გაიხსნას და ერთი საათით ადრე დაიკეტოს.
„როგორც მოგეხსენებათ, მეტრო რამდენიმე დღეში გაიხსნება, თუმცა, სამუშაოები წლის ბოლომდე გაგრძელდება. სამუშაოებს იმ დროს არ ვაწარმოებთ, როცა მეტრო მგზავრებს მოემსახურება. ჩვენ ასევე ვმუშაობთ იმაზე, რომ მოხდეს მეტროსადგურის ერთი საათით ადრე დახურვა და ერთი საათით გვიან გახსნა, რათა სამუშაო პროცესი გახანგრძლივდეს და რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს.
რაც შეეხება დროებით ტრანსპორტს, რომელიც ამ პერიოდში გამოვყავით, გვესმის, რომ მეტროსადგური დაკეტილია და მის ფუნქციებს ვერანაირი ავტობუსი და მიკროავტობუსი ვერ ჩაანაცვლებს. მაგრამ ერთ ადამიანზე ერთი ავტობუსი ან ერთი მიკროავტობუსი ვერ გამოიყოფა. რისი საშუალებაც იყო, რომ დივერსიფიცირება მომხდარიყო, ეს გავაკეთეთ. თუ საჭიროა საზოგადოებრივი ტრანსპორტის დამატება, ჩვენი შესაბამისი სამსახურები გაივლიან აღნიშნულ საკითხს და მოხდება დამატება, თუმცა, რამდენიმე დღეში მეტროც გაიხსნება. დისკომფორტი იყო, რისთვისაც მოსახლეობას კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი. სხვანაირად ამ ტიპის და მასშტაბის სამუშაოების წარმოება შეუძლებელია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოების გადავადების საკითხს, კახა კალაძემ მედიასთან კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ მთავარი არის დაპროექტება და ექსპერტიზის ჩატარება, რა მიმართულებითაც საქართველოში ექსპერტები ვერ მოიძებნა.
„ძალიან ბევრჯერ ავხსენი, თუ რის გამო გადავადდა. ხედავთ, თუ რა მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს. სრული რეაბილიტაცია წლის ბოლოს დასრულდება. ჩვენ გვქონდა გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა. არ მოიძებნა საქართველოში ექსპერტთა ჯგუფი, ვინც ამ მიმართულებით იმუშავებდა.სამშენებლო კომპანიები ბევრია, ვისაც მსგავსი სამუშაოების შესრულება შეუძლია. აქ მთავარია პროექტი, დაექსპერტიზება. სწორედ ამიტომ გართულდა და გაგრძელდა ეს პროექტი ამდენ ხანს, რომ არსებული გვირაბის მთლიანი სკანირება მოხდა უცხოელი სპეციალისტებისა და სამხარულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ. გამოიკვეთა, რომ თაღს აქვს პრობლემები. მოგვიწია მეტროს დროებით გაჩერება, რომ არსებული თაღი შესაბამისი ხსნარებით გამაგრდეს და დაჭირხვნა განხორციელდეს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.