მეცხვარეობა ჩვენი ქვეყნისთვის ტრადიციული დარგია, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე საექსპორტო მიმართულებით - დავით სონღულაშვილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, მეცხვარე ფერმერების სახალხო დღესასწაულს დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში მინისტრი ადგილობრივ მეცხვარე ფერმერებს შეხვდა და მათი საქმიანობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს გაეცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრაზე განიხილეს მეცხვარეობის განვითარების შესაძლებლობები, ცხოველთა ჯანმრთელობისა და ვეტერინარული მომსახურების საკითხები, საძოვრების ეფექტიანი გამოყენება, წარმოებისა და პროდუქციის რეალიზაციის შესაძლებლობები. მინისტრმა ფერმერებს სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების, მათ შორის ახალი „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესაძლებლობებიც გააცნო.
„მეცხვარეობა ჩვენი ქვეყნისთვის ტრადიციული და მნიშვნელოვანი დარგია, რომელსაც აქვს როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე საექსპორტო პოტენციალი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ადგილზე მოვისმინოთ ფერმერების საჭიროებები და ის გამოწვევები, რომლებიც მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აქვთ. სწორედ ფერმერებთან პირდაპირი კომუნიკაცია გვაძლევს შესაძლებლობას, სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმები მათ რეალურ საჭიროებებს მოვარგოთ. ახალი „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ სწორედ ამ მიდგომას ეფუძნება და ფერმერებისთვის მხარდაჭერის უფრო მოქნილი და შედეგზე ორიენტირებული მექანიზმების შექმნას ითვალისწინებს. ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ ადგილობრივი წარმოება, ხელი შევუწყოთ მეცხვარეობის განვითარებას და ფერმერებს საკუთარი მეურნეობების გაფართოებისა და განვითარების მეტი შესაძლებლობა მივცეთ“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მეცხვარე ფერმერების სახალხო დღესასწაული ნინოწმინდაში, ქეჩალგორაზე 2014 წლიდან აღინიშნება.
ნინოწმინდაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად მინისტრის მოადგილეები გიორგი წკრიალაშვილი და ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
სხვა სიახლეები
საჰაერო სივრცისა და აეროპორტების გამტარუნარიანობის შეფასების საკითხებზე საქართველოში ევროკონტროლის ექსპერტების სამუშაო ვიზიტი შედგა
14.08.2026.12:50
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) ექსპერტების მორიგი სამუშაო ვიზიტი განხორციელდა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, სააგენტოში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ევროკონტროლის ექსპერტებმა ქართულ მხარეს გააცნეს 2025 წლის აგვისტოდან საქართველოს საჰაერო სივრცისა და საერთაშორისო აეროპორტების გამტარუნარიანობის შეფასების საკითხზე მომზადებული შუალედური ანგარიშის შედეგები.
საუბარი შეეხო არსებული საჰაერო მოძრაობის ნაკადების ოპტიმიზაციის, აეროპორტების ინფრასტრუქტურის, დადგენილი საოპერაციო პროცედურებისა და შესაბამის სამსახურებს შორის კოორდინაციის საკითხებს.
ვიზიტის ფარგლებში, ევროკონტროლისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლებმა ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. სამეთვალყურეო პუნქტებსა და აეროდრომების საოპერაციო სამსახურებში განხორციელდა საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეთა და ფრენის ოპერატორების დატვირთვის მონიტორინგი.
საბოლოო ანგარიშის შემუშავების მიზნით, ექსპერტებმა შეისწავლეს საჰაერო მოძრაობის ნაკადების და გამტარუნარიანობის ორგანიზების უზრუნველსაყოფად გატარებული ღონისძიებები, ასევე გაეცნენ საჰაერო სივრცისა და ტერმინალების გამტარუნარიანობის შეფასებისთვის აუცილებელ სხვა მონაცემებს.
შეხვედრებზე ხაზი გაესვა ადამიანური ფაქტორის გავლენას გამტარუნარიანობაზე. აეროპორტების ოპერატორი კომპანიებისა და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სპეციალისტებმა ცოდნა გაიღრმავეს აეროპორტებში გამტარუნარიანობის კვლევების ჩატარებისა და მათი არსებული თუ სამომავლო შესაძლებლობების სწორი ანალიზის მიმართულებით.
ევროკავშირთან ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2025 წელს საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების წესი მიიღო, რომელიც შესაბამისი ევროპული რეგულაციის ((EU) No 255/2010) მოთხოვნების მიხედვითაა შემუშავებული. რეგულაციის დანერგვის ფარგლებში, სააგენტომ ორგანიზება გაუწია არაერთ აქტივობას, რომლებიც ახალი მოთხოვნების ეფექტურ იმპლემენტაციას ისახავდა მიზნად.
ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.