მიხეილ გახოკიძის ქუჩაზე 10 სექტემბერს საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
სამგორის რაიონში მიხეილ გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. აღნიშნულ ქუჩაზე დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 10 სექტემბრის 08:00 საათიდან 09:00 საათამდე, „ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თაყაიშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ხომლელისა და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების და მათი დამაკავშირებელი - დიმიტრი ალექსიძის, სესილია თაყაიშვილის, იოთამ ზედგენიძის, ვიქტორ კუპრაძისა და რაჭის ქუჩების გავლით, ასევე, მეგობრობის, მშვიდობისა და ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩების გამოყენებით.
09:00-დან 13:00 საათამდე პერიოდში კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მიხეილ გახოკიძის ქუჩის მხოლოდ ერთ, „ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.
აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ქუჩის დარჩენილ მონაკვეთში და მიმდებარე ქუჩებზე: სესილია თაყაიშვილის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, ევგენია მაისურაძისა და ხომლელის ქუჩებზე.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, „ისთ ფოინთის“ მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსები: N519, N524, N540 და N554 დროებით იმოძრავებენ საქართველოს ერთიანობის მებრძოლთა ქუჩის, მიხეილ გახოკიძის მონაკვეთის, მაისურაძისა და თვალჭრელიძის ქუჩების გავლით. აღნიშნული ტრანსპორტი უკუმიმართულებითაც გამოიყენებს ანალოგიურ მარშრუტს.
N547 მიკროავტობუსი შეზღუდვის პერიოდში მგზავრებს გახოკიძის ქუჩის N10-ის მიმდებარე ტერიტორიამდე მოემსახურება.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.