მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოში გაზრდილია როგორც შემოსული გემების, ისე მიღებული ტვირთის ოდენობა - თამარ იოსელიანი
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ბათუმსა და ფოთში საზღვაო ნავსადგურებს ეწვია და მათ საქმიანობას გაეცნო. მინისტრის მოადგილემ დაათვალიერა როგორც „ეიპიემ ფოთი ტერმინალს"- ისა და "Pace ჯგუფის" ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის, ისე ბათუმის საზღვაო პორტის განახლებული ინფრასტრუქტურა, კომპანიების ხელმძღვანელებისგან მოისმინა ინფორმაცია საოპერაციო საქმიანობის და ნავსადგურების ინფრასტრუქტურული განვითარების სამომავლო გეგმების შესახებ.
მინისტრის მოადგილე საპორტო ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების კუთხით დაგეგმილ ღონისძიებებს გაეცნო, რაც შესაძლებელს გახდის, ტვირთბრუნვის მზარდი დინამიკის გათვალისწინებით, უზრუნველყოფილ იქნეს ნავსადგურების შესაბამისი საოპერაციო მზაობა.
როგორც თამარ იოსელიანმა განაცხადა, საქართველოში გაზრდილია როგორც შემოსული გემების, ისე მიღებული ტვირთის ოდენობა. მისი თქმით, 2025 წლის 9 თვის მაჩვენებლებით ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებში შემოსული გემების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა - ბათუმის ნავსადგურის შემთხვევაში, 17%-იანი, ხოლო ფოთის ნავსადგურის შემთხვევაში 5%-იანი მატება დაფიქსირდა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ასევე გაიზარდა შემოსული გემების ტონაჟიც - ბათუმის ნავსადგურში მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში დაფიქსირდა შემოსული გემების ტონაჟის 19%-იანი, ხოლო ფოთის ნავსადგურის შემთხვევაში 8%-იანი ზრდა.
ნავსადგურების ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე ასევე ხაზი გაესვა გენერალური და საკონტეინერო ტვირთების გადაზიდვის კუთხით არსებულ მზარდ მაჩვენებელებს. აღინიშნა, რომ 2025 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საქართველოს ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებული იქნა - 566,565 TEU, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში დაახლოებით 20%-იან მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება გენერალურ ტვირთებს, საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ნავსადგურებში მათი 13-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.
ნავსადგურებში ვიზიტის ფარგლებში, ასევე განხილულ იქნა საზღვაო ტრანსპორტის საზღვაო უსაფრთხოებისა და უშიშროების, ასევე პერსონალის მომზადების მიმართულებებით გაწეული საქმიანობა და სამომავლო გეგმები.
თამარ იოსელიანმა ასევე დაათვალიერა ბათუმსა და ფოთში არსებული ნავთობის, საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ტერმინალები.
მინისტრის მოადგილესთან ერთად, ბათუმსა და ფოთში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე და საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე იმყოფებოდნენ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.