მიმდინარეობს დაჩქარებული წესით ალტერნატიული კომპანიების მოძიება - ირაკლი ბენდელიანი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა წერეთლის გამზირზე მომუშავე კომპანიებთან კონტრაქტის გაწყვეტის ფაქტზე მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საგზაო სამუშაოების დასრულების ვადებზე არ იმოქმედებს.
როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, რეაბილიტაციის პროექტის საგზაო სამუშაოების ნაწილი, გეგმის შესაბამისად, იანვრის ბოლოს დასრულდება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ალტერნატიული კომპანიების მოძიება დაჩქარებული წესით მიმდინარეობს და შესაბამისი ხელშეკრულებები ხვალვე გაფორმდება.
„როგორც იცით, ხელშეკრულებები შევუწყვიტეთ წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოების მიმართულებით მომუშავე კონტრაქტორ კომპანიებს. მერიის შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ 24-საათიან მონიტორინგს ნებისმიერ ინფრასტრუქტურულ პროექტზე და ანალოგიური ხდებოდა აქაც. დაფიქსირდა გარკვეული სახის დარღვევები, როგორიცაა ვადების გადაცილება, გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენა, ასევე, იყო უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, რომლის გამოსწორებაც მოუწევთ შემსრულებელ კომპანიებს და ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამაზე მერიისგან არათუ დამატებითი თანხები, განსაზღვრული თანხაც არ გაიცემა იქამდე, ვიდრე ხარვეზიანი სამუშაოები სრულად არ გამოსწორდება.
ახლა მიმდინარეობს დაჩქარებული წესით ალტერნატიული კომპანიების მოძიება, ვინაიდან მოსახლეობის წინაშე გვაქვს პასუხისმგებლობა აღებული, რომ იანვრის ბოლოს წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა აღდგენილი უნდა იყოს. მოხდება ხელშეკრულებების გაფორმება, გაგრძელდება შეუფერხებლად სამუშაოები და ის ვადა, რომელიც ჩვენ მოსახლეობისთვის ნათქვამი გქვონდა, არ გადაიწევს. იანვრის თვის ბოლოს საგზაო სამუშოები დასრულებული იქნება და მოძრაობა იქნება ორმხრივად აღდგენილი. ახლა მიმდინარეობს ბაზრის კვლევის პროცესი და შევარჩევთ კომპანიას, ვინც უმცირეს ფასს დაგვიდებს და დააკმაყოფილებს პირობებს რაც გვაქვს დადგენილი- ხარისხი, ვადები და ასე შემდეგ.
დილიდან კონკრეტული ტელევიზიები თესავენ მიზანმიმართულ პანიკას, თითქოს ხელოვნურად სატრანსპორტო კოლაფსი შეიქმნება და გზა ვერ გაიხსნება. მე კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით გიდასტურებთ, რომ იანვრის ბოლოს საგზაო სამუშაოები დასრულებული იქნება“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოებისთვის დაჯარიმდებიან თუ არა კონტრაქტორი კომპანიები, ბენდელიანმა უპასუხა, რომ სანქციების რეჟიმი იმოქმედებს თავად ხელშეკრულებებში არსებული წესის თანახმად. ამასთან, მერის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი, შექმნილი გარემოებების მიუხედავად, არცერთი თეთრით არ შეიცვლება.
„სანქციები იქნება მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც ხელშეკრულებაში იყო ჩადებული. ეს არის საბანკო გარანტიების ნაწილში, ინსპექტირების რამდენიმე აქტი გაკეთდა და შესაბამისი ჯარიმების გამოწერაც მოხდა კონკრეტულად იმ ვადაგადაცილებებზე. ხარვეზების გამოსწორება კი მოუწევთ იმ კომპანიებს, რომლებიც ობიექტზე მუშაობას გააგრძელებენ. თუმცა იმ კომპანიებს, რომლებმაც ხარვეზები დაუშვეს, თანხას არ გადავუხდით. პროექტის ბიუჯეტი, რომელიც წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის იყო გამოყოფილი, უცვლელი დარჩება“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
შეგახსენებთ, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას ახორციელებდა „მილენიუმ ბილდერს გრუპი" და "ერ ტე დე"
წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 2023 წლის მაისში დაიწყო და მერიის განცხადებით, 2024 წლის იანვარში უნდა დასრულდეს.
წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია სამ ლოტად მიმდინარეობს. ორ ლოტზე (ღირებულება 22.2 მილიონი ლარი) სამუშაოებს "მილენიუმ ბილდერს გრუპი" ახორციელებდა, ხოლო კომპანია "ერ ტე დე" ერთ ლოტზე მუშაობდა, რომლის ღირებულებაც 9 მილიონი ლარი იყო.
იგივე თემაზე:
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.