მიმდინარეობს მაგისტრალური მილის შიდა სკანირება და დაზიანებული მონაკვეთების მიწის საფარისგან გამოთავისუფლება, სამუშაოების დასრულება 4 დღეშია დაგეგმილი
სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად სამუშაოები 17 ივნისიდან 24 საათიან უწყეტ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს.
სამუშაოების შედეგად უკვე დამუშავდა მეწყრული ფერდის ძირითადი ნაწილი, განხორციელდა მაგისტრალური მილის პირველადი დიაგნოსტირება და მიწის საფარისგან გამოთავისუფლდა დაზიანებული მილის ერთი მონაკვეთი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მაგისტრალური მილის შიდა სკანირება სპეციალური ტექნიკით, რათა იდენტიფიცირდეს სხვა დაზიანებული მონაკვეთების ზუსტი კოორდინატები და დაზიანების ხარისხი. სკანირებისა და დიაგნოსტირების სამუშაოების დასრულებისთანავე დაიწყება მილსადენის დაზიანებული მონაკვეთების მიწის საფარისგან გამოთავისუფლება.
გამომდინარე იქიდან, რომ არსებული ტერიტორია მეწყრული ზონაა, მილსადენის გრუნტისგან გამოთავისუფლების სამუშაოები საკმაოდ რთულია და მუდმივად საჭიროებს დამატებით უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.
ქსელის დიაგონისტირების დასრულებისა და შესაბამისი დაზიანებული მონაკვეთების მიწის საფარისგან გამოთავისუფლებისთანავე დაიწყება მაგისტრალური მილის დაზიანებული მონაკვეთების ამოცვლითი სამუშაოები.
მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოების დასრულება 4 დღეშია დაგეგმილი.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.