მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზი არ არსებობს - სეისმური მონიტორინგის ცენტრი
მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზი არ არსებობს - სეისმური მონიტორინგის ცენტრი განცხადებას ავრცელებს
„თურქეთის რესპუბლიკაში, 6 თებერვლის ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა ჩვენი საზოგადოების აღელვება გამოიწვია.
მიწისძვრა არის ბუნებრივი სტიქია, რომლის ზუსტი დროისა და ადგილმდებარეობის პროგნოზირება დღეს მსოფლიო სამეცნიერო სივრცეს არ შეუძლია. აქედან გამომდინარე, ჩვენი უსაფრთხოების გარანტი გამართული ინფარსტრუქტურა და სეისმომედეგი მშნებელობაა.
აშშ, კანადა და იაპონია მაგალითია იმისა, რომ ძლიერი მიწისძვრის დროს, თუ სეისმურად დაცულ სახლში ვცხოვრობთ, საშიში არაფერია.
სამწუხაროდ, ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში, რეგიონის რთული გეოლოგიური პირობებისა გამო ხშირად ხდება ძლიერი მიწისძვრები, რომლებიც დიდ მსხვერპლსა და ზარალს იწვევს (1999 წლის იზმირის მიწისძვრა, 2011 წლის ვანის მიწისძვრა, 1939 წლის ერზინჯანის მიწისძვრა და სხვა ).
კავკასიაც რეგიონის კომპლექსური ტექტონიკის ნაწილია და რა თქმა უნდა ჩვენთანაც ხდებოდა, ხდება და მომავალშიც მოხდება მიწისძვრები.
გვსურს განვმარტოთ, რომ ცალსახა კორელაცია სხვადასხვა ტერიტორიაზე მიწისძვრათა ხდომილებებს შორის არ არსებობს. სხვა სიტყვებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრა, უპირობოდ არ იწვევს საქართველოში მიწისძვრის ხდომილებას.
საქართველო სეისმურად აქტიური ქვეყანაა. ჩვენთან ყოველდღიურად ათეულობით მიწისძვრა ხდება, ამიტომ კიდევ ერთხელ განვუმარტავთ საზოგადოებას, რომ სამწუხაროდ, მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზი არ არსებობს.
გთხოვთ, არ დაუჯეროთ და არ გაავრცელოთ ცრუ ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებაში შიშსა და პანიკას იწვევს“, - ნათქვამია სეისმური მონიტორინგის ცენტრის განცხადებაში.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.