მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მცირე მარნებისთვის სერტიფიცირების მომსახურების საფასური გაუქმდეს - დავით სონღულაშვილი
მცირე ზომის მარნები ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი ალკოჰოლური სასმელების შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდებიან. შესაბამისი ცვლილება პროცედურების გავლის შემდეგ შევა ძალაში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, მცირე მარნებისთვის სერტიფიცირების საფასურის გაუქმების გადაწყვეტილება მათთან კონსულტაციების შედეგად არის მიღებული.
„მცირე მარნების ხელშეწყობა ჩვენი პრიორიტეტია, შესაბამისად, მათთან კონსულტაციების შედეგად გავითვალისწინეთ არსებული გამოწვევა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სერტიფიცირების მომსახურების საფასური მცირე მარნებისთვის არ გავრცელდეს. ამასთან, სერტიფიცირება რჩება სავალდებულო მოთხოვნად, რადგან ხარისხისა და მომხმარებლისთვის უსაფრთხო პროდუქციის უზრუნველყოფა ჩვენი მთავარი ამოცანაა. ვფიქრობთ, ეს მიდგომა ხელს შეუწყობს როგორც მცირე მარნების განვითარებას, ისე ქართული ღვინის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქართველოში წარმოებული ალკოჰოლური სასმელების სერტიფიცირება სავალდებულოა. 1 სექტემბრიდან შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის მომსახურება ფასიანია, თუმცა მცირე ზომის მარნებისთვის აღნიშნული მომსახურება უფასოდ განხორციელდება. მცირე მარნებისთვის სერტიფიცირების ვალდებულება კვლავ ძალაში რჩება და მათ შესაბამისი პროცედურების გავლა და პროდუქციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღება მოეთხოვებათ.
„ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით ვიღებთ, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - ქართული ღვინო იყოს მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი და კიდევ უფრო მეტად დამკვიდრდეს საერთაშორისო ბაზრებზე“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
სხვა სიახლეები
ჩემი ვიზიტი ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ძალიან დროული იყო ინოვაციების სამიტის სამზადისის პროცესში, რომელიც ასევე ქუთაისში გაიმართება გაეროს ტურიზმის ორგანიზაციისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით - გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი
18.09.2026.17:46
„ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში, კერძოდ, თუმოში (TUMO). დიდი სიამოვნებით შევხვდი სტარტაპებს, რამაც მოგვცა გარკვეული იდეები და მოსაზრებები ინოვაციების სამიტისთვის, რომელიც ასევე ქუთაისში გაიმართება გაეროს ტურიზმის ორგანიზაციისა (UN Tourism) და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ეგიდით“ - განაცხადა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა შაიხა ნასერ ალ ნუვაისმა.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ქუთაისის ტექნოჰაბში დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა უმასპინძლა. ტექნოჰაბში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ადგილობრივ სტარტაპებთან.
„ამ შეხვედრამ დაგვაფიქრა იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ სტარტაპებს შესაფერისი მონაწილეებისა და უნივერსიტეტების მოზიდვით, არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ ჩვენი მთლიანი ქსელიდან და როგორ შევუწყოთ ხელი ამ სტარტაპების ცნობადობის ამაღლებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენმდივანმა.
ამასთან, შაიხა ნასერ ალ ნუვაისმა ხაზი გაუსვა, რომ ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია, სტარტაპებს მიეცეთ ახალი კონტაქტებისა და კავშირების დამყარების შესაძლებლობა იმ ქსელის მეშვეობით, რომელიც გაეროს ტურიზმის ორგანიზაციასა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას (WIPO) უკვე გააჩნია.
„ასე რომ, ვფიქრობ, ჩემი ვიზიტი ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ძალიან დროული იყო ამ სამიტის სამზადისის პროცესში, რომელსაც პირადად დიდი ინტერესით ველოდები“, - აღნიშნა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა შაიხა ნასერ ალ ნუვაისმა.