მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრაზე სასჯელის გამკაცრების თაობაზე - ნინო თანდილაშვილი
დღეს გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა მედიასთან კომენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის იმ ინიციატივის შესახებ გააკეთა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს და რომლის საფუძველზეც დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრაზე სასჯელი გამკაცრდება.
„მთავრობის სხდომაზე ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა გაჟღერდა. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის 44% დაფარულია ტყეებით. ტყეებს ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია ჩვენი ქვეყნისთვის, ტყეები ძალიან დიდი სიმდიდრეა; ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტების მიმართ კანონმდებლობა იყოს მაქსიმალურად გამკაცრებული. განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა ისეთ შემთხვევებზე, როდესაც დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები ფიქსირდება. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობა იყოს მაქსიმალურად მკაცრი. პირველ რიგში, ჩვენ უნდა მოვახდინოთ ასეთი ფაქტების პრევენცია და ამ ყველაფერს ბუნებრივია უნდა ჰქონდეს შემაკავებელი ეფექტი. აქვე ვიტყვი, რომ ბოლო წლებში ჩავატარეთ ტყის ეროვნული ინვენტარიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, რამაც გამოავლინა, რომ ჩვენი ქვეყნის ტყეებს, კიდევ უფრო მეტი გაფრთხილება სჭირდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობდა კონტროლის გამკაცრების მიმართულებით. კანონმდებლობის გამკაცრებასთან ერთად, აუცილებელი და მნიშვნელოვანი იქნება კონტროლის მექანიზმების გამკაცრებაც“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.