მოდულური სასკოლო დროებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მასშტაბით მოდულური სასკოლო დროებითი ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს. მოდულების შესყიდვის მიზნით ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა.
მოდულური დროებითი სასკოლო ინფრასტრუქტურის შეძენის გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურისა და განათლების სამინისტროებმა ერთობლივად მიიღეს. ინიციატივის მიზანია, ახალი სკოლების მშენებლობისა და არსებული სკოლების რეაბილიტაციის პერიოდში მოსწავლეებისთვის დროულად შეიქმნას უსაფრთხო, სრულად აღჭურვილი და სასწავლო პროცესისთვის შესაბამისი დროებითი სივრცეები, რათა სამშენებლო სამუშაოების გამო არ შეფერხდეს სასწავლო პროცესი და მაქსიმალურად შემცირდეს მოსწავლეების სხვა სკოლებში გადაყვანის საჭიროება.
მოდულური სკოლები წარმოადგენს ქარხნულად დამზადებული, სრულად აღჭურვილი და ტრანსპორტირებადი სასწავლო სივრცეებისგან აწყობილ სასკოლო კომპლექსებს, რომელთა ადგილზე მონტაჟი მოკლე დროშია შესაძლებელი. მათი გამოყენება დაგეგმილია იმ სკოლებში, სადაც ახალი შენობის მშენებლობის ან არსებულის რეაბილიტაციის პერიოდში მოსწავლეებისთვის დროებითი სასწავლო სივრცის მოწყობა გახდება საჭირო.
მოდულური სკოლების საშუალებით მოსწავლეები შეძლებენ დროებით სწავლა გააგრძელონ უშუალოდ სკოლის ტერიტორიაზე ან მასთან ახლოს, უსაფრთხო და სრულად აღჭურვილ გარემოში. ეს შეამცირებს მოსწავლეების სხვა სკოლებში გადაყვანისა და ყოველდღიური ტრანსპორტირების საჭიროებას და ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის უწყვეტობას.
პროექტი ითვალისწინებს ექსპლუატაციისთვის მზა სასკოლო მოდულების შეძენასა და საჭიროების მიხედვით მათ ადგილზე მონტაჟს. შესაბამის ტერიტორიებზე, საჭიროების შემთხვევაში, მოეწყობა გარე საინჟინრო ინფრასტრუქტურაც.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია რამდენიმე ტიპის, ჯამში 750-მდე მოდულის შესყიდვა — 600 საკლასო ოთახის, 100 ადმინისტრაციული და 50 სანიტარული კვანძის მოდული.
საკლასო ოთახის თითოეული მოდული გათვლილი იქნება 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე. ადმინისტრაციულ მოდულებში განთავსდება სკოლის ადმინისტრაციის, მანდატურისა და ექიმის სამუშაო სივრცეები, ასევე სამეურნეო დანიშნულების ოთახები და შესაბამისი სანიტარული კვანძები.
მოდულების ერთმანეთთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება საჭიროების შესაბამისი ზომისა და დაგეგმარების ერთიანი სასკოლო სივრცის შესაქმნელად. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მათი განსხვავებული კონფიგურაციითა და ორ სართულად განთავსებაც.
ყველა მოდული აღიჭურვება ელექტრომომარაგების, განათების, გათბობა-გაგრილების, სახანძრო უსაფრთხოების, ვიდეომეთვალყურეობისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემებით და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
მოდულური დროებითი ინფრასტრუქტურა მრავალჯერადი გამოყენებისთვის იქნება განკუთვნილი — კონკრეტულ სკოლაში საჭიროების დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება მოდულების დემონტაჟი, სხვა ტერიტორიაზე გადატანა და ხელახლა მოწყობა.
მსგავსი მოდულური დროებითი სასწავლო სივრცეების გამოყენება აპრობირებული პრაქტიკაა ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პერიოდში, როდესაც დროებითი სასწავლო სივრცეების სწრაფად მოწყობის საჭიროება დგება.
სხვა სიახლეები
პროგრამის „ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში პირველკლასელებმა მეორე დღეს 2 933 ნერგი დარგეს
23.10.2026.17:42
საქართველოს მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის „ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში, მეორე დღეს პირველკლასელებმა 2 933 ნერგი დარგეს.
გამწვანების ღონისძიებები ქედაში, შუახევში, ამბროლაურში, ონში, ცაგერში, კასპში, ბორჯომში, ახალციხეში, თიანეთსა და დუშეთში გაიმართა. პროგრამა ხის დარგვის საერთაშორისო დღეს დაიწყო და საქართველოს მასშტაბით 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მასში 41 000-ზემეტი პირველკლასელი ჩაერთვება.
„ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს მთავრობის ინიციატივაა, რომლის მიზანია ადრეული ასაკიდან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ბავშვებში ბუნებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება.პროგრამის ფარგლებში თბილისსა და საქართველოს ათივე რეგიონში პირველკლასელები საკუთარ პირველ ნერგს დარგავენ.
ნერგების სახეობები რეგიონების კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეირჩა. მათ შორისაა ქართული მუხა, კავკასიური ცაცხვი, მინდვრის ნეკერჩხალი, კავკასიურიდა ელდარის ფიჭვი და სხვა სახეობები.თითოეული პირველკლასელისთვის გათვალისწინებულია ერთი ნერგი. ბავშვები უშუალოდ მონაწილეობენ დარგვის პროცესში, შემდგომ კი შესაძლებლობა ექნებათ, დააკვირდნენ საკუთარი ნერგის ზრდას და იზრუნონ მასზე.პროგრამის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ელექტრონული პლატფორმა - cheminergi.eiec.gov.ge, სადაც ბავშვებს, მშობლებისა და მასწავლებლების დახმარებით, შეუძლიათ დარგული ნერგის შესახებ ინფორმაციის შეყვანა და ფოტოს ატვირთვა.
პლატფორმის საშუალებითშეიქმნება პროგრამის ფარგლებში დარგული ნერგების ერთიანი მონაცემთა ბაზა.პროგრამის განხორციელებაში ჩართულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.