„მოგზაურობა ინოვაციების და ტექნოლოგიების სამყაროში“ - GITA -ს ორგანიზებით ახალი საგანმანათლებლო პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით, გასვლითი შეხვედრების სერია “მოგზაურობა ინოვაციების და ტექნოლოგიების სამყაროში” დაიწყო, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ მოსახლეობაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და GITA-ს პროექტებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.
პროექტის ფარგლებში მორიგი შეხვედრა რუსთავში, ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით - ,,ახალგაზრული ცენტრებისა და სივრცეების გაძლიერების კონცეფციის ფარგლებში“ ციფრული განვითარების ცენტრში გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა ინოვაციების და ტექნოლოგიების ეკოსისტემის შესახებ პრეზენტაცია და შემეცნებითი ლექცია, დაინტერესებული პირები გაეცნენ სააგენტოს 2026 წლის ღონისძიებების კალენდარს და ყველა პროგრამის შესახებ ინფორმაციას, შეხვედრის დასასრულს კი გაიმართა 3D მოდელირებისა და 3D ბეჭდვის პრაქტიკული სემინარი.
როგორც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტების მენეჯერმა ზურა ძიძიგურმა აღნიშნა, შეხვედრამ დიდი დაინტერესება გამოიწვია რუსთაველ ახალგაზრდებში.
„GITA - თვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა სტარტაპ ეკოსისტემის მშენებლობასა და ფორმირებაში, ამ პროექტის მიზანიც სწორედ ეს არის, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროთი“ - განაცხადა ზურა ძიძიგურმა.
პროექტის ფარგლებში შეხვედრები ჩატარდება საქართველოს 55 მუნიციპალიტეტში და მისი მთავარი მიზანი რეგიონებში ინოვაციური მეწარმეობის განვითარება და სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებაა.
სხვა სიახლეები
მსოფლიო ბანკთან დღეს გაფორმებული შეთანხმება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიდა ფუნქციონირების და დაკავშირებადობის გაძლიერებისთვის, ისე რეგიონული მნიშვნელობიდან გამომდინარე - ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი
10.06.2026.15:42
მსოფლიო ბანკთან დღეს გაფორმებული შეთანხმება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიდა ფუნქციონირების და დაკავშირებადობის გაძლიერებისთვის, ისე რეგიონული მნიშვნელობიდან გამომდინარე, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება „ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტის" შეფასებისას.
როგორც მან აღნიშნა, პროექტი ითვალისწინებს საქართველოსთვის 372 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსების გამოყოფას, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების, ასევე, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებას.
„ორივე მიმართულება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიდა ფუნქციონირების და დაკავშირებადობის გაძლიერებისთვის, ისე რეგიონული მნიშვნელობიდან გამომდინარე. აღნიშნული შეთანხმება უფრო ფართო დაფინანსების პაკეტის ნაწილია, რომელიც საქართველოსთვის, ჯამში, 750 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. პაკეტის ფარგლებში დამატებით შეთანხმებებს ხელი მომდევნო თვეებში მოეწერება. შეთანხმებაში მსოფლიო ბანკთან ერთად მონაწილეობენ აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB). ამ მიმართულებით დამატებით ვგეგმავთ საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსებისთვის, დაახლოებით, 350 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის შეთანხმების გაფორმებას. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოეს პერიოდში გაფორმდება 1.2-1.3 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის შეთანხმებები, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში როგორც საგზაო, ისე სხვა ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებაში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.