მომხმარებელს უნდა ვუთხრათ, რომ ადვოკატს ყოველთვის მიმართონ, რათა მან მხარდაჭერა აღმოუჩინოს ბიზნესს თუ ფიზიკურ პირს იმაში, რომ დავა არ წარმოიშვას - ირაკლი ყანდაშვილი
ადვოკატთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ საზოგადოების ინფორმირება და ადვოკატის როლის სწორად წარმოჩენა ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილი განაცხადა, ადვოკატის მომსახურება მხოლოდ კრიზისულ ან სამართლებრივ ჩიხურ სიტუაციებში არ არის საჭირო და მისი ჩართულობა მნიშვნელოვნად წინასწარ, პრევენციულ ეტაპზეც მნიშვნელოვანია.
„მთავარი ერთ-ერთი მიმართულება ნამდვილად არის ის, რომ ჩვენს საზოგადოებასა და მომხმარებელს ძალიან სწორი გზავნილი მივაწოდოთ და ვუთხრათ - თუ არ იციან, უნდა იცოდნენ, და მე დარწმუნებული ვარ, ყველამ იცის, უბრალოდ ყოველთვის კარგად უნდა შევახსენოთ, რომ ადვოკატი მხოლოდ მაშინ არ არის საჭირო, როდესაც გარკვეული სამართლებრივი ჩიხური სიტუაციაა.
ადვოკატი არის ყოველდღიურ მოხმარებაში ჩასართავი. ხშირად მესმის ხოლმე, რომ „კულტურა არ არის“. კულტურა არის და ძალიან დიდი კულტურაც არსებობს ბევრი მიმართულებით ჩვენს იურისდიქციასა და საზოგადოებაში. უბრალოდ, შესაძლოა, ფინანსური ნაწილი არ უწყობდეს ხელს, რაც მოხმარების დეფიციტს განაპირობებს. დიპლომატიურად, რომ ვთქვათ მომხმარებელს უნდა ვუთხრათ, რომ ადვოკატი ყოველთვის უნდა გამოიყენონ, რათა მან უზრუნველყოს და მხარდაჭერა აღმოუჩინოს ბიზნესს თუ ფიზიკურ პირს იმაში, რომ დავა არ წარმოიშვას. მოხდეს პრევენცია და პრობლემა თავიდან იქნას აცილებული. ხოლო თუ დავა მაინც წარმოიშვება, რა თქმა უნდა, ადვოკატი ყოველთვის მის გვერდით იქნება, მისი ინტერესებიდან გამომდინარე“, - აცხადებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე.
ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, პროფესიული გაერთიანება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ორგანიზაციაა და მას მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა აკისრია. მისი თქმით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ასოციაციის პოზიციონირებას, რათა საზოგადოებამ ნათლად დაინახოს ადვოკატის პროფესიის საზოგადოებრივი მნიშვნელობა და მისი როლი მოქალაქეების მხარდაჭერაში.
როგორც იგი აღნიშნავს, ბოლო სამი თვის განმავლობაში სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში არაერთი აქტივობა განხორციელდა, მათ შორის უფასო იურიდიული დახმარებისა და პრო ბონო ფორუმები, რომლებიც მიზნად ისახავს მოქალაქეებისთვის სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდას და პროფესიის საზოგადოებრივ სარგებელზე ხაზგასმას.
„უახლოეს პერიოდში დაგეგმილი გვაქვს, რომ ქვეყნის მასშტაბით ერთ კონკრეტულ რეგიონში, განხორციელდეს პრო ბონო აქტივობა. ანუ ეს იქნება განგრძობადი და ადვოკატის პროფესიის ჩართულობას საზოგადოებისთვის იურიდიული კონსულტაციის მიმართულებით უწყვეტი ხასიათი ექნება, აბსოლუტურად უსასყიდლოდ. ეს კიდევ ერთხელ არის დიდი გზავნილი იმისა, რომ ეს პროფესია სოციუმის გვერდით არის და ყოველთვის იქნება.
სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში ჩვენ ძალიან კარგი ტრადიცია დავნერგეთ და აბსოლუტურად საკუთარი ხარჯებით პროფესიული გაერთიანების წევრები აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა მხარდაჭერის ინიციატივაში. გვქონდა ერთი შემთხვევა, როცა ბავშვთა სახლს დავეხმარეთ, ხოლო წინა კვირას - ხანდაზმულთა სახლს. ამ მიმართულებითაც, პროფესიის სოციალური პასუხისმგებლობის გააზრებით, საზოგადოებაში ჩართულობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რაც ადვოკატის პროფესიის პოზიციონირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა“, - აცხადებს ირაკლი ყანდაშვილი.
სხვა სიახლეები
16 და 17 სექტემბერს მდინარე არაგვის ხიდებზე მოძრაობა დროებით, მონაცვლეობით შეიზღუდება
14.09.2026.16:00
16 და 17 სექტემბერს, 05:00-დან 07:00 საათამდე, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვზე არსებულ სახიდე გადასასვლელებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით, მონაცვლეობით შეიზღუდება.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვა აუცილებელია თბილისი–სენაკისა და სენაკი–თბილისის მიმართულებებზე არსებული ხიდების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევის სამუშაოების ჩასატარებლად.
სამუშაოები მოიცავს ხიდების სტატიკურ და დინამიკურ გამოკვლევას. სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდება და მოძრაობა ალტერნატიულ მარშრუტებზე გადაერთვება.
16 სექტემბერს, 05:00-დან 07:00 საათამდე, მოძრაობა შეიზღუდება თბილისი–სენაკის მიმართულებით. ავტოტრანსპორტის მოძრაობა მე-19 კმ-დან გადაერთვება ზაჰესი–მცხეთა–კავთისხევი–გორი–სკრა–ქარელი–ოსიაურის საავტომობილო გზაზე. ამავე პერიოდში სენაკის მიმართულებით ჩაიკეტება ზაჰესის, წიწამურისა და წიწამურის ხევის სატრანსპორტო კვანძებზე არსებული შესაბამისი პანდუსები.
17 სექტემბერს, 05:00-დან 07:00 საათამდე, მოძრაობა შეიზღუდება სენაკი–თბილისის მიმართულებით. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება ნარეკვავი–მცხეთა–რკინიგზის სადგურისა და ზაჰესი–მცხეთა–კავთისხევი–გორი–სკრა–ქარელი–ოსიაურის საავტომობილო გზებზე და ზაჰესის სატრანსპორტო კვანძის გავლით დაუკავშირდება თბილისი–სენაკი–ლესელიძისა და თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზებს.
მოძრაობის დროებითი შეზღუდვისა და გადართვის პერიოდში ადგილზე გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის საჭირო ღონისძიებები.
არსებული ხიდის პარალელურად ახალი ხიდის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. მისი ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს იგეგმება.