მომხმარებლისთვის საჩუქრის/პრიზის ილუზორული დაპირება არის უსამართლო კომერციული საქმიანობა - GCCA
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს „იქომერს.ჯორჯია 2023“-ს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინა. საკითხი შეეხება სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული პირობითი ვალდებულების ხელშეკრულების შეუსრულებლობას.
კერძოდ, 2024 წლის მარტის თვეში, სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული პირობითი ვალდებულების ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „იქომერს.ჯორჯია 2023“-ს ევალებოდა - სავაჭრო პოლიტიკის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და იმ მომხმარებელთა უფლებების აღდგენა, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ, რაც მოვაჭრის მხრიდან არაჯეროვნად შესრულდა. შესაბამისად, სააგენტომ საქმის ხელახალი შესწავლა განახორციელა და „იქომერს.ჯორჯია 2023“-ს დარღვევა დაუდგინა. საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად დადასტურდა - მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების, მიწოდების ვადების და ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების დარღვევის ფაქტი.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მომხმარებლისთვის საჩუქრის/პრიზის ილუზორული(მოჩვენებით მაცდუნებელი, განუხორციელებელი) დაპირება მიჩნეულია უსამართლო კომერციულ საქმიანობად, რაც აღნიშნული საქმის შესწავლის პროცესში დადგინდა. კერძოდ, მომხმარებელმა მოვაჭრისგან შეიძინა ნივთი, რომელსაც სააქციო პირობების შესაბამისად, საჩუქრად უნდა მოჰყოლოდა სარეცხის საშრობი და მომხმარებელს მაღაზიის ბალანსზე უნდა ასახოდა ნასყიდობის ფასის 20% ე.წ. ქეშბექის სახით. აღნიშნული ქეშბექით მომხმარებელმა შეიძინა ხორცის საკეპი მანქანა. მომხმარებლის განცხადებით, სააქციო პირობების შესაბამისად, დაპირებული საჩუქარი და ქეშბექის თანხით შეძენილი ნივთი დღემდე არ ჩაუბარებია. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა - 1 თვის ვადაში მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.
ინფორმაციისთვის: კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის, წლიური ბრუნვის 2%-ს. 12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
2024 წლის 10 თვის მონაცემებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 717 განაცხადი დაფიქსირდა. 138 საქმეზე დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 70 დარღვევის ფაქტი. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 44 მოვაჭრეს - 73 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში - 44 901ლარი. პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 143 საქმეზე - 121 შეთანხმება გაფორმდა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.