მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლის დირექტორებს, სტუდენტებსა და სრულიად საზოგადოებას გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას - გივი მიქანაძე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.
„მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლის დირექტორებს, სტუდენტებსა და სრულიად საზოგადოებას გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველად შეაღებენ სკოლის კარს. სკოლა ის ადგილია, სადაც იდგმება პირველი ნაბიჯები მომავლისკენ, სადაც ბავშვები, ცოდნის მიღებასთან ერთად, სწავლობენ ერთმანეთის პატივისცემას, მეგობრობას, პასუხისმგებლობასა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენას.
ჩვენი მთავარი ამოცანაა, თითოეული მოსწავლისთვის უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო, ჯანსაღი და თანამედროვე სასწავლო გარემო. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ზოგადი განათლების რეფორმა და ბოლო წლებში განხორციელებული თითოეული ინიციატივა.
მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებსა და თანამშრომლებს — თქვენი პროფესიონალიზმი, თავდადება და ყოველდღიური შრომა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მოსწავლეთა განვითარებასა და სასკოლო გარემოს გაუმჯობესებაში.
მადლობას ვუხდი მშობლებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის. თქვენი ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში და თანადგომა ბავშვის წარმატების მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.
მჯერა, რომ ახალი სასწავლო წელი თითოეული მოსწავლისთვისა და სტუდენტისთვის საინტერესო აღმოჩენების, ახალი შესაძლებლობებისა და წარმატების გზის საწყისი იქნება.
კიდევ ერთხელ, გილოცავთ! გისურვებთ ნაყოფიერ, საინტერესო და სიხარულითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით სავსე წელს!“, - აცხადებს გივი მიქანაძე.
სხვა სიახლეები
საავტომობილო გზების დეპარტამენტში ზამთრის სეზონისთვის მზადების საკითხებზე კონტრაქტორ კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა
05.11.2026.13:21
საავტომობილო გზების დეპარტამენტში ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობა და გზების მოვლა-შენახვის კონტრაქტორი კომპანიების მზადყოფნა განიხილეს.
დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი გრიგალავა და დეპარტამენტის წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოს საავტომობილო გზების მოვლა-შენახვაზე პასუხისმგებელი კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს ზამთრის პერიოდში გზების მოვლა-შენახვასთან დაკავშირებული გამოწვევები და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებები.
კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებმა დეპარტამენტის ხელმძღვანელობას მიაწოდეს ინფორმაცია მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობის, ქვიშა-მარილის მარაგების შექმნის, სპეციალური ტექნიკის მომზადებისა და საყრდენი პუნქტების გამართვის შესახებ.
შეხვედრაზე განისაზღვრა შესაბამისი დავალებები და სამუშაოების გეგმა-გრაფიკი, რათა ზამთრის სეზონზე, მათ შორის, ძლიერი თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის პირობებში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილება.