მოტივაცია გავაჩინეთ, რომ მევენახემ რაც შეიძლება მაღალი ხარისხის ყურძენი მოიყვანოს - დავით სონღულაშვილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მევენახეების პროტესტის წინაპირობებისა და ყურძნის ხარისხის მიხედვით დიფერენცირების შესახებ ისაუბრა.
„პროტესტის ორგანიზება სხვადასხვა ჯგუფების საშუალებით მოხდა და იყო მოწოდებები, რომ შეკრებილიყვნენ. 30 თეთრად ჩასაბარებელი ყურძენი, ღვინისა და სპირტის წარმოებისთვის გამოუსადეგარია“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრმა ყურადღება ყურძნის ხარისხობრივი კატეგორიების მიხედვით შეფასების მნიშვნელობაზეც გაამახვილა.
დავით სონღულაშვილის განმარტებით, ვენახის მოვლა დიდ ფიზიკურ შრომას მოითხოვს, ამიტომ მნიშვნელოვანია, მევენახემ მიღებული მოსავლის ხარისხის შესაბამისი ანაზღაურება მიიღოს. მისი თქმით, ყურძნის ხარისხობრივი დიფერენციაციის მიზანი სწორედ მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების წახალისება და მევენახეებისთვის შესაბამისი მოტივაციის შექმნაა.
„ყურძნის ხარისხობრივი დიფერენციაციით მოტივაცია გავაჩინეთ იმის, რომ მევენახემ რაც შეიძლება მაღალი ხარისხის ყურძენი მოიყვანოს. სხვაობაც იმხელაა საშუალო და უმაღლესი ხარისხის ყურძენს შორის, რომ მევენახე მაქსიმალურად ეცადოს, უმაღლესი ხარისხის მოსავალი მიიღოს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
სხვა სიახლეები
წლევანდელი რთველი გამოირჩევა რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლებით - დავით სონღულაშვილი
09.10.2026.11:22
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა რთველის მიმდინარეობის შესახებ საუბრისას მეღვინეობის დარგში მიმდინარე რეფორმაზე ისაუბრა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ხარისხიანი ყურძნის წარმოების წახალისება და ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის ზრდაა.
„წელს საუკეთესო ხარისხის მოსავალი გვექნება, ერთ-ერთი გამორჩეული და ყველაზე დიდი მოსავალი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ქართული ღვინო აუცილებლად უნდა იყოს ხარისხიანთან ასოცირებული. გასულ წლებში, რაც მეტ ყურძენს მოიყვანდა მევენახე, მეტ შემოსავალს იღებდა და მას არ ჰქონდა ინტერესი, ეწარმოებინა ხარისხიანი ყურძენი. არ შეიძლება, რომ ქართული ღვინო გათვლილი იყოს რაოდენობაზე და ეს თითოეულმა მევენახემ და მეღვინემ არაჩვეულებრივად იცის. მეღვინეობის დარგის რეფორმის მიზანიც სწორედ ეს არის - ვაწარმოოთ ხარისხიანი ყურძენი, რომლის საზომიც არის შაქრიანობა“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა რთველის მიმდინარეობაზე საუბრისას.
მისი განცხადებით, კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია და მოსავლის დაბინავების პროცესი ორგანიზებულად მიმდინარეობს.
„კახეთში ყურძნის გადამუშავებამ 206 ათას ტონას გადააჭარბა. რთველის საკოორდინაციო შტაბი და ღვინის საწარმოები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. წლევანდელი რთველი გამოირჩევა რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლებით. ხარისხიანი ღვინის მიღება შეუძლებელია ხარისხიანი ყურძნის გარეშე - ხარისხიანი ღვინო იბადება ვენახში. სწორედ ამას ემსახურება ყურძნის ხარისხის მიხედვით დიფერენცირებული ფასების სისტემის დანერგვა, რაც მევენახეებს აძლევს მოტივაციას, უფრო მეტად იზრუნონ ყურძნის ხარისხზე“, - აღნიშნა მინისტრმა.