მრიცხველს არა აქვს ალტერნატივა, ამიტომ ის უნდა დაყენდეს და პროცესი ეტაპობრივად უნდა მოექცეს ცივილურ ჩარჩოში - დავით ნარმანია მესტიის სრულფასოვან გამრიცხველიანებაზე
ვინც ლეგალურად ელექტროენერგიის შესაბამისი გადასახადის გადახდით კრიპტოვალუტის წარმოებას დაიწყებს მას ეს არ შეეზღუდება, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა.
მისი თქმით, მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებული შეღავათების მიზნობრივად გამოყენებისა და ამოღების მაჩვენებლების მოწესრიგების მიზნით, სემეკმა შესაბამისი დოკუმენტი ჯერ კიდევ 2019 წელს მოამზადა და მთავრობას წარუდგინა. დავით ნარმანიას განმარტებითვე, დოკუმენტი არსებული მდგომარეობის ანალიზს, საჭიროებებსა და პრობლემის მოსაგვარებლად გადასადგმელ ქმედით ნაბიჯებს მოიცავს.
„ინიციატივა არის ძალიან მნიშვნელოვანი და საკითხი არის აქტუალური. ჯერ კიდევ 2019 წლის ბოლოს, როცა პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი ენერგეტიკის და წყალმომარაგების შესახებ, იქ გაჩნდა სპეციალური მუხლი, სადაც ჩვენ, როგორც მარეგულირებელ კომისიას, დაგვევალა, რომ მთავრობასთან კოორდინაციით მოგვემზადებინა შესაბამისი დოკუმენტი - ზოგიერთ რეგიონში ელექტროენერგიის ამოღების მაჩვენებლების მოწესრიგებასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვამზადეთ აღნიშნული დოკუმენტი, თუმცა ამას დაემთხვა კოვიდის პერიოდი. აღნიშნული დოკუმენტი წარედგინა საქართველოს მთავრობასა და შესაბამის უწყებებს. მასში დეტალურად გვაქვს აღწერილი როგორც არსებული მდგომარეობა და საჭიროებები, ისე ის ქმედითი ნაბიჯები, რომლებიც ამ საკითხის სწორად დასარეგულირებლად უნდა გადაიდგას.
თავის დროზე, როდესაც 90-იან წლებში მესტიის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიაზე შეღავათები დაუწესდა, იგულისხმებოდა, რომ ეს შეღავათები მხოლოდ მოსახლეობისთვის, საყოფაცხოვრებო მიზნით გამოსაყენებლად იყო განკუთვნილი“, - აცხადებს დავით ნარმანია.
სემეკის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მესტიაში ელექტროენერგიის შეღავათიანი ტარიფი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო საჭიროებებს უნდა მოხმარდეს და არა კომერციულ საქმიანობასა თუ კრიპტოვალუტის მაინინგს. მისი თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია უკანონო მაინინგის წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებების გაგრძელება და რეგიონის სრულყოფილი გამრიცხველიანება.
„კონკრეტული მიზანი იმაში მდგომარეობდა, რომ რეგიონის მაღალმთიანი სტატუსიდან გამომდინარე, იქ გაზის გაყვანა ფიზიკურად შეუძლებელია, რის გამოც გათბობის საკითხი ყოველთვის მწვავე პრობლემას წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ იქნა თავის დროზე ეს გადაწყვეტილება მიღებული და არა იმ მიზნით, რომ კომერციულ ობიექტებს ელექტროენერგიით უფასოდ ესარგებლათ, ან კიდევ ვინმეს საკუთარ სახლში კრიპტოვალუტის მაინინგი მოეწყო აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ის, რომ საყოფაცხოვრებო დანიშნულებით ელექტროენერგიის მოხმარების შემთხვევაში მხედველობაში მისაღები იქნება ის ფაქტორიც, რომ არ არის ბუნებრივი აირი რეგიონში და შესაბამისად გათბობის საშუალებად კვლავ ელექტროენერგია რჩება. ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელი იქნება და უნდა მიეცეს მოსახლეობას გარკვეული შეღავათები და ვიცი, რომ ამაზე მუშაობს საქართველოს მთავრობა.
რაც შეეხება ყველა სხვა სეგმენტს, მათ შორის კომერციულ ობიექტებს, ან თუნდაც მათ, ვინც კრიპტოვალუტის წარმოებას ლეგალურად, ელექტროენერგიის შესაბამისი საფასურის გადახდით დაიწყებს - მათთვის საქმიანობა, რა თქმა უნდა, არ შეიზღუდება.
მთავარია, რომ ყველამ გადაიხადოს შესაბამისი დადგენილი ტარიფით გადასახადი, რომელიც მარეგულირებელმა კომისიამ დაადგინა და ამისთვის აუცილებელი ორი ფაქტორია: ერთი, ის ღონისძიებები, რომელიც მიმდინარეობს ძალოვანი სტრუქტურების მიერ უკანონო მაინინგის ამოღებასთან დაკავშირებით და მეორეს მხრივ გამრიცხველიანების პროცესი, რომელიც თავის დროზე დაიწყო ენერგო-პრომ და შემდეგ უკვე ცალკეულ სოფლებში ხელი შეუშალა მოსახლეობამ. გამრიცხველიანების პროცესი უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ მრიცხველი არის ერთადერთი საშუალება იმისა, რომ კუთვნილი შეღავათები რაც დაუდგინდება მოსახლეობას, ეს შეღავათები მათზე გავრცელდეს სწორად, აღირიცხოს ვინ რამდენს მოიხმარს და ასე შემდეგ. მრიცხველს არა აქვს ალტერნატივა, ამიტომ მრიცხველები უნდა დადგეს და დაყენდეს და პროცესი ეტაპობრივად უნდა მოექცეს ცივილურ ჩარჩოში“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.