მშენებლობის პროცესში გამწვანების კომპონენტის სავალდებულო წესით ინტეგრირება ქვეყნის მასშტაბით სავალდებულო გახდება
„დღეს, საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლითაც განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების, აგრეთვე, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში წარდგენილ დოკუმენტებში, გამწვანების პროექტის, როგორც თანამედროვე, გარემოსდაცვითი სტანდარტების მქონე დოკუმენტის არსებობა სავალდებულო გახდება", - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, ცვლილებები მიზნად ისახავს მშენებლობის პროცესში გამწვანების კომპონენტის სავალდებულო წესით ინტეგრირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
მისი თქმით კანონპროექტი ხელს შეუწყობს ახალი მწვანე სივრცეების გაჩენას, გააუმჯობესებს გარემოსდაცვით მდგომარეობას და მოახდენს ქაოტური განაშენიანების პრევენციას.
კანონპროექტით გათვალისწინებულია გამწვანების პროექტის დეფინიციის, შეთანხმების წესის და პირობების ჩამოყალიბება.
მაია ბითაძის განცხადებით, აღნიშნული მიდგომა წარმატებით ხორციელდება თბილისში 2019 წლიდან და მისი დადებითი შედეგები უკვე სახეზეა.
კანონპროექტის თანახმად, გამწვანების პროექტის წარდგენის ვალდებულება არ იარსებებს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მიმართ. კანონპროექტი 2024 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.
მუნიციპალიტეტებმა 2024 წლის 1 იანვრამდე უნდა დაადგინონ მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობები, აგრეთვე მწვანე ნარგავების გაშენების, მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის გაცემისა და მათი საკომპენსაციო რგვის განხორციელების წესი და პირობები.
მაია ბითაძემ აღნიშნა, რომ კომიტეტი დონორებთან და ექსპერტებთან ერთად დაეხმარება თითოეულ მუნიციპალიტეტს, რომ ისინი მზად იყვნენ კანონის მოთხოვნათა ეფექტიანი აღსრულებისთვის.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.