მშობიარობასა და საკეისრო კვეთაზე დავადგინეთ ახალი, სამართლიანი ტარიფი, რომლის მიხედვითაც დამატებით თანხის გადახდა პაციენტს აღარ მოუწევს - ილია ღუდუშაური
„ამ დრომდე, დაფინანსების ნაწილში, თითქმის ყველა პაციენტს უწევდა თანაგადახდა. ჩვენ, დავადგინეთ ახალი, სამართლიანი ტარიფი, რომლის მიხედვითაც დამატებით თანხის გადახდა პაციენტს აღარ მოუწევს. ამისთვის ჩვენ ის სერვისი, რომელიც შეიძლება პოტენციურად დასჭირდეს პაციენტს, შევიყვანეთ სატარიფო გაანგარიშებაში. რა თქმა უნდა, ეს მოიცავს უშუალოდ მშობიარობისა და საკეისრო კვეთის ხარჯებს, ამასთანავე დავამატეთ გაუტკივარების ხარჯი, არჩევითი ექიმის ხარჯი და სხვა. დღეს, თანაგადახდის საჭიროება პაციენტს აღარ აქვს, შესაბამისად დამატებითი თანხის მოთხოვნა, ისევე როგორც DRG-ით დაფინანსებულ ყველა სხვა სერვისზე, სრულიად აკრძალულია“ , - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
ილია ღუდუშაურმა აღნიშნა, რომ DRG დაფინანსების მოდელი, უკვე ერთი წელია რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ინტეგრირდა. ერთი თვეა, აღნიშნული დაფინანსების მოდელი მშობიარობასა და საკეისრო კვეთაზეც, ასევე ნეონატალურ სერვისზეც გავრცელდა.
„ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ამოცანა, ეს არის სახელმწიფოს მიერ დახარჯული თანხების ხარჯთეფექტურობის გაზრდა, რომლისთვისაც DRG სისტემა ყველაზე წარმატებულ მოდელად ითვლება და ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის პაციენტისთვის თანაგადახდის შემცირება“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.