მსჯავრდებულ დავითაძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ არამცთუ ღირსების შემლახავ ფაქტებს, არამედ ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი - გიორგი პატარიძე
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით უწყების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ არამცთუ ღირსების შემლახავ ფაქტებს, არამედ ძალის გადამეტებასაც კი ადგილი არ ჰქონია.
გიორგი პატარიძემ №6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს დაკისრებული მოვალეობების ღირსეულად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.
„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, დღეს პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო კადრების გავრცელების გადაწყვეტილება. გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ არამცთუ ღირსების შემლახავ ფაქტებს, არამედ ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო №6 პენიტენციური დაწესებულების უკლებლივ ყველა თანამშრომელს, და მინდა, აღვნიშნო, რომ ისინი გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით", – განაცხადა გიორგი პატარიძემ და კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, დაინტერესებულ მხარეებს გადასცეს 2026 წლის 3 მარტიდან მოყოლებული მსჯავრდებულ დავითაძესთან დაკავშირებით გადაღებული და დაარქივებული უწყვეტი კადრები.
„აქვე გავიმეორებ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დაინტერესებულ მხარეებს, რომ კანონმდებლობის სრული დაცვით გამოითხოვონ შესაბამისი ვიდეომასალა, რომელიც ითვალისწინებს მსჯავრდებულ დავითაძის სრულ გადაადგილებას №6 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე 2026 წლის 3 მარტიდან დღეის ჩათვლით", – განცხადა გიორგი პატარიძემ.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას, თავი შეიკავონ ცრუ და მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობისგან.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.