მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით - გიორგი პატარიძე
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის მიერ გავრცელებულ ბრალდებებს ეხმიანება და მათ სრულ სიცრუეს უწოდებს. როგორც პატარიძე განმარტავს მსჯავრდებულთან დაკავშირებით შესაბამისი მასალები გადაეცათ როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და არც ერთ შემთხვევაში პენიტენციური სამსახურის მისამართით არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ შენიშვნაც კი არ გამოთქმულა.
,,სამწუხაროდ, გუშინ ჩვენ პენიტენციური სამსახურის მისამართით ვისმინეთ ძალიან მძიმე ბრალდებები მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მშობლების მხრიდან, რაც ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არის სიცრუე და აბსურდის თეატრი. ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით", _განაცხადა გიორგი პატარიძემ და აღნიშნა, რომ მისი პირადი გადაწყვეტილებით 2026 წლის მარტიდან დავითაძესთან დაკავშირებით გადაღებული ყველა ვიდეომასალის დაარქივება ხორციელდება.
,,დამატებით, ჩემი პირადი გადაწყვეტილებით, უკვე მიმდინარე წლის 3 მარტიდან ხორციელდება ვიდეომასალის დაარქივება, რომელიც სრულად მოიცავს მსჯავრდებულ დავითაძის საკანში ყოფნის პერიოდს, ასევე მის ყველა გადაადგილებას №6 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე", _განაცახდა გიორგი პატარიძემ.
მისვე თქმით, პენიტენციური სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას ყველა დაინტერესებულ მხარეს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით არსებული ვიდეომასალები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გადასცეს.
მანვე მოუწოდა ყველას თავი შეიკავონ ცრუ და მიზანმიმართული განცხადებებისგან.
გიორგი პატარიძემ სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს გაწეული მაღალკვალიფიციური საქმოანობისთვის მადლობა გადაუხადა.
,,აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი პენიტენციური სამსახურის უკლებლივ ყველა თანამშრომელს და, რა თქმა უნდა, №6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით", _განაცხადა გიორგი პატარიძემ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.