მსოფლიო საფოსტო კავშირის წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი საქართველოში მეცამეტედ გაიმართა
საქართველოს ფოსტა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, 2026 წელს საქართველოში უკვე მეცამეტედ გაიმართა „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ (Universal Postal Union - UPU) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი.
კონკურსის დაჯილდოების ღონისძიება 14 ივნისს, ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში გაიმართა.
წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს საფუძველი 1971 წელს, Universal Postal Union-ის ტოკიოს კონგრესზე ჩაეყარა. დღეს კონკურსი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ახალგაზრდულ საგანმანათლებლო ინიციატივად მიიჩნევა და მასში ყოველწლიურად მილიონობით მოზარდი მონაწილეობს. კონკურსი ტარდება „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წევრ 192 ქვეყანაში, სადაც ეროვნული საფოსტო ოპერატორები ავლენენ გამარჯვებულებს, რომლებიც შემდგომ საერთაშორისო ეტაპზე აგრძელებენ მონაწილეობას.
2026 წლის საკონკურსო თემა, რომელიც „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ მიერ განისაზღვრა, არის:
„მისწერე წერილი მეგობარს იმის შესახებ, თუ რატომ არის ადამიანური კავშირი მნიშვნელოვანი ციფრულ სამყაროში“
(“Write a letter to a friend about why human connection matters in a digital world”).
კონკურსის მთავარი მიზანია წერილის წერის კულტურის პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში წერილობითი კომუნიკაციის განვითარება და თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ადამიანური ურთიერთობების მნიშვნელობის წარმოჩენა.
კონკურსის ფარგლებში ყველა მონაწილე სპეციალური სერტიფიკატით დაჯილდოვდა, გამოვლინდა საუკეთესო სამეული, ხოლო პირველი ადგილის მფლობელის ნამუშევარი გაიგზავნება საერთაშორისო ეტაპზე და საქართველოს სახელით ჩაერთვება „მსოფლიო საფოსტო კავშირის “გლობალურ კონკურსში.
საერთაშორისო გამარჯვებულის დაჯილდოების ცერემონია 2026 წლის 9 ოქტომბერს, მსოფლიო ფოსტის დღეს, ბერნში, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ სათავო ოფისში გაიმართება.
სხვა სიახლეები
აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე, ტენდერები გამოცხადდა
20.08.2026.20:24
საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე (დავალების შემთხვევაში, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე და სხვა საავტომობილო გზებზე) ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე ტენდერები გამოაცხადა.
განსახორციელებელი შესყიდვის პირობები ითვალისწინებს პრეისკურანტის საფუძველზე სხვადასხვა სახის საგზაო სამუშაოების, მათ შორის, პერიოდული შეკეთების, ასევე, საავტომობილო გზებზე სასწრაფოდ ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას, რომელიც მოიცავს საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვას.
როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ჩასატარებელი საგზაო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 150 მლნ. ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სამუშაოების შესრულების ვადა ორივე შემთხვევაში სამუშაოების დაწყებიდან 24 თვეა.
აღმოსავლეთ საქართველოში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, ასევე, დავალების შემთხვევაში, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებსა და სხვა საავტომობილო გზებზე ჩასატარებელი საგზაო სამუშაოები (გარდა აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შემავალი საავტომობილო გზებისა - შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=696746&lang=ge
დასავლეთ საქართველოში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე (დავალების შემთხვევაში, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე და სხვა საავტომობილო გზებზე) ჩასატარებელი საგზაო სამუშაოები - შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=696756&lang=ge