მთავრობა ბიზნესს პროფესიულ განათლებაში ინვესტირებას სთავაზობს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, საზოგადოებას პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვა წარუდგინა, რომელიც პროფესიული განათლების სისტემაში დამსაქმებლების ჩართულობის გაძლიერებას და მათთვის საჯარო შეთავაზებას გულისხმობს.
ახალი ხედვის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება, კერძო სექტორთან ერთად, პროფესიული განათლების მიწოდებაში მონაწილეობაა, რაც ითვალისწინებს საჯარო-კერძო პარტნიორობის ჩამოყალიბებას და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივად განხორციელებას.
სახელმწიფო პროფესიულ განათლებაში, კერძო სექტორთან/დამსაქმებლებთან ერთად, განახორციელებს ინვესტიციებს, აღნიშნული ხელს შეუწყობს ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი კადრების მომზადებას, რაც დასაქმების მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გაზრდის. სახელმწიფოს მხრიდან ეს გახლავთ კერძო სექტორისთვის შეთავაზებული ინოვაციური მიდგომა, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.
პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კვალიფიკაციების განახლებას, სექტორული პრიორიტეტების განსაზღვრასა და პროფესიული განათლების დაფინანსების მოდელის განახლებას გეგმავს. ასევე, დაიწყება მუშაობა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე პროფესიული განათლების მაქსიმალურად ინტეგრირების მიზნით. მნიშვნელოვანი სიახლეებია დაგეგმილი პროფესიული განათლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების მიმართულებითაც, რაც მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების ორგანიზებას და მათი კვალიფიკაციების ამაღლებას გულისხმობს.
სამინისტრო, ხედვით გათვალისწინებული ინიციატივების დანერგვას, მიმდინარე წელს დაიწყებს, რის შედეგადაც, უახლოეს მომავალში, პროფესიული განათლების სისტემის ეფექტიანობასა და მიმზიდველობას გაზრდის.
პრეზენტაციას პარლამენტისა და მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.