მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა პროექტი, რომელიც პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებულ საკითხებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს განსაზღვრავს
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სხდომაზე დამტკიცდა პროექტი, რომელიც პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებულ საკითხებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს განსაზღვრავს.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წარმოდგენილი პროექტით მტკიცდება „პარაპლანით ფრენების წარმოების, ექსპლუატაციის, უსაფრთხოებისა და ამ წესით განსაზღვრული საქმიანობისთვის დადგენილი საფასურების ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის დროებითი წესი“.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს. მათ შორის, დამტკიცდა პროექტი, რომელიც პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებულ საკითხებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს განსაზღვრავს. აღინიშნა, რომ მოცემული სფერო, უსაფრთხოების კუთხით, მნიშვნელოვან რისკებს უკავშირდება და შესაბამისი საკანონმდებლო აქტის მიღებამდე, პარაპლანით ფრენების სამართლებრივი რეგულირების აუცილებლობაა, დროებითი წესის საფუძველზე. წარმოდგენილი პროექტით მტკიცდება „პარაპლანით ფრენების წარმოების, ექსპლუატაციის, უსაფრთხოებისა და ამ წესით განსაზღვრული საქმიანობისთვის დადგენილი საფასურების ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის დროებითი წესი“.
პროექტი განსაზღვრავს პროცესში ჩართულ პირთა უფლება-მოვალეობებს, საფრენი ლოკაციის ვარგისიანობის დადგენის მოთხოვნას და შესაბამის წესს, ოპერატორის სერტიფიცირების საკითხს, მოთხოვნებს მფრინავის მიმართ, მფრინავთა კატეგორიებს/ქვეკატეგორიებს, მათი მინიჭების/აღიარების და გამოცდის ჩატარების წესს, პარაპლანისა და მისი ელემენტების ვარგისიანობის დადგენის მოთხოვნას და შესაბამის პროცედურას, ფედერაციის კომპეტენციასა და უფლება-მოვალეობებს, ზედამხედველობას ფედერაციის საქმიანობაზე, წესით გათვალისწინებული შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად დაწესებული საფასურების ოდენობას და სხვა. წესი არეგულირებს პარაპლანით კომერციულ, არაკომერციულ და საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენებს. წესი არ ვრცელდება ექსპერიმენტულ და საჩვენებელ ფრენებზე, თუმცა ასეთი სახის ფრენების შესრულებაზე განისაზღვრება გარკვეული მოთხოვნები“,-აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.