მთელი ქვეყნის მასშტაბით რაგბის ტექნიკური ცენტრების პროექტები აქტიურ ფაზაშია
„ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურად მუშაობს რაგბის 18 ტექნიკური ცენტრის პროექტირებასა და მშენებლობაზე. ამ ეტაპზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს 12 ლოკაციაზე. პროექტების ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა.
ამასთან, კიდევ 6 ქალაქისთვის მიმდინარეობს სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერები.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფონდი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს რაგბის კავშირთან და მუნიციპალიტეტებთან, რათა პროექტები მომავალშიც გაგრძელდეს და მაქსიმალურად მეტი ქალაქი მოვიცვათ“, — ამის შესახებ განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შონიამ.
მისი თქმით, 20-წლამდელთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს ქვეყანა მასშტაბური ინფრასტრუქტურული განახლებით ხვდება. აქტიურ ფაზაშია სამუშაოები თბილისში , ავჭალისა და შევარდენის სტადიონებზე, ასევე ქუთაისში, „აიას“ სარაგბო კომპლექსში შემავალ სამ სტადიონზე. სტადიონებზე მოეწყობა უმაღლესი ხარისხის ჰიბრიდული საფარი, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ინტენსიური დატვირთვის პირობებშიც უზრუნველყოფს მოედნების გამძლეობასა და მაღალი ხარისხის სათამაშო გარემოს.
გიორგი შონიას განცხადებით, სპორტული პროექტების განხორციელება, ახალგაზრდების სპორტულ აქტივობებში ჩართულობასთან ერთად, ხელს შეუწყობს რეგიონებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
სხვა სიახლეები
მართვის მოწმობის მიღების წესებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა
21.05.2026.17:40
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული გამოცდის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
კერძოდ, B კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე კანდიდატს 3 შეცდომის ნაცვლად 5 შეცდომის დაშვების უფლება ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოცდაზე მოცემული 30 შეკითხვიდან კანდიდატმა 25 სწორი პასუხი უნდა დააფიქსიროს.
ასევე, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასასვლელად სასურველი დრო ყოველგვარი ლოდინის გარეშე, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში დაჯავშნონ.
აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, გორსა და ბათუმში, მარშრუტების ცვლილება განხორციელდა.
კიდევ ერთი ცვლილება, მიმდინარე წლის 15 ივნისიდან შევა ძალაში. არსებული წესით, B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მე-12 მსუბუქი შეცდომა ავტომატურად გამოცდის შეწყვეტას (მძიმე შეცდომას) ნიშნავს. ხოლო, ცვლილების ამოქმედების შემდგომ, კანდიდატს 14 მსუბუქი შეცდომის დაშვების უფლება ექნება, მე-15 შეცდომა კი გამოცდის შეწყვეტას გამოიწვევს.