მთიანი რელიეფისა და მრავალფეროვანი კლიმატური ზონების გამო, საქართველოს დიდ რისკებს უქმნის წყალდიდობები, მეწყრები, ღვარცოფები და სხვა ბუნებრივი საფრთხეები - სწორედ ამიტომ, ადრეული გაფრთხილებისა და კატასტროფების რისკის მართვის ეროვნული სისტემის გაძლიერება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება | ლევან ჟორჟოლიანი
კლიმატის ცვლილება სულ უფრო მეტად ზემოქმედებს ჩვენს ეკოსისტემებსა და ინფრასტრუქტურაზე და ახალ გამოწვევებს უქმნის როგორც საზოგადოებებს, ისე ეკონომიკებს. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ქვეყნის ეროვნული გარემოებები განსხვავებულია, მრავალი რისკი, რომლის წინაშეც ვდგავართ, საერთოა და პრაქტიკულ, კოორდინირებულ რეაგირებას მოითხოვს,- ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) რეგიონული დიალოგის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ადრეული გაფრთხილებისა და კატასტროფების რისკის მართვის ეროვნული სისტემის გაძლიერების მიმართულებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ საფრთხეებზე ერთობლივი რეაგირებისთვის.
„მთიანი რელიეფისა და მრავალფეროვანი კლიმატური ზონების გამო, საქართველოს დიდ რისკებს უქმნის წყალდიდობები, მეწყრები, ღვარცოფები და სხვა ბუნებრივი საფრთხეები. სწორედ ამიტომ, ადრეული გაფრთხილებისა და კატასტროფების რისკის მართვის ეროვნული სისტემის გაძლიერება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება, რაც მკაფიოდ არის ასახული ქვეყნის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტებში. ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, მიმდინარე წლის მარტში საქართველოს მთავრობამ შექმნა სპეციალური საკოორდინაციო მექანიზმი - უწყებათაშორისი საბჭო. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ სტრატეგიულ მნიშვნელობას, რომელსაც მთავრობა ამ საკითხს ანიჭებს და უზრუნველყოფს მაღალი დონის კოორდინაციასა და ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების ეფექტიან ჩართულობას. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარებას. გვჯერა, რომ გაუმჯობესებული მონიტორინგი, უფრო ზუსტი პროგნოზირება და დროული გაფრთხილება გადამწყვეტია რისკების ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად და კატასტროფის დადგომამდე ეფექტიანი რეაგირებისთვის", - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ კონკრეტულ შედეგებზე, რომელიც მწვანე კლიმატის ფონდთან მრავალწლიანმა პარტნიორობამ მოიტანა.
„შეიქმნა 150 ახალი მონიტორინგის სადგური, 11 მეწყერსაშიშ ლოკაციაზე დამონტაჟდა გეოლოგიური მონიტორინგის აღჭურვილობა, ხოლო საქართველოს 11 მდინარის აუზისთვის შეიქმნა რისკების შესახებ საინფორმაციო სისტემა. საერთაშორისო მხარდაჭერას მაქსიმალური შედეგი მხოლოდ მაშინ მოაქვს, როდესაც მას ახლავს მტკიცე ეროვნული ძალისხმევა. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობა ახორციელებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს და თანმიმდევრულად აუმჯობესებს მონიტორინგის ინფრასტრუქტურას, პროგნოზირების შესაძლებლობებსა და ინსტიტუციური კოორდინაციის მექანიზმებს", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) რეგიონული დიალოგი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს აერთიანებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გახსნა. ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილი და GCF-ის აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის დირექტორი თომას ერიქსონი.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ.