მთის ტრასების სააგენტოს მიზანია როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონის განვითარება - ლევან დარსალია
„ემ თი ეის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანია როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონის განვითარება“, - განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ კურორტ გოდერძიზე ზაფხულის სეზონისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
მთის ტრასების სააგენტოს ორგანიზებით, ალპურ ზონაში სტუმრებისთვის მრავალფეროვანი აქტივობები მოეწყო. ქართველმა შეფმზარეულებმა აჭარული სამზარეულოს გამორჩეული კერძების კულინარიული მასტერკლასები ჩაატარეს. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ადგილობრივი კერძები და ჩართულიყვნენ სხვადასხვა აქტივობებში.
„გოდერძიზე არსებული საბაგიროები აქტიურად ემსახურებიან დამსვენებლებს. აღნიშნული ღონისძიება ემსახურება ზაფხულის სეზონის განვითარებას და ხელს უწყობს ტურისტებისთვის საინტერესო აქტივობების შეთავაზებას. „ემ თი ეის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანია როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონის განვითარება. შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ ანალოგიური ღონისძიებების ჩატარებას არა მხოლოდ გოდერძიზე, არამედ ჩვენს მიერ ოპერირებად სხვა კურორტებზეც“, - განაცხადა ლევან დარსალიამ.
გოდერძიზე საბაგირო ინფრასტრუქტურა ზაფხულის სეზონისთვის 21 ივლისიდან ფუნქციონირებს. ღონისძიება მთის ტრასების სააგენტოს, Visa Georgia-სა და ამბასადორი გოდერძის ერთობლივი პარტნიორობის ფარგლებში გაიმართა.
სხვა სიახლეები
შეგვიძლია დავაანონსოთ ოთხივე კურორტზე ზამთრის სეზონის გახსნის თარიღი და ეს იქნება 20 დეკემბერი - ლევან დარსალია
09.10.2026.16:53
,,უკვე შეგვიძლია დავაანონსოთ ოთხივე კურორტზე ზამთრის სეზონის გახსნის თარიღი და ეს იქნება 20 დეკემბერი. აღნიშნული დამსვენებლებს ვიზიტების, ხოლო ბიზნესის წარმომადგენლებს საქმიანობის წინასწარ დაგეგმვაში დაეხმარება“, - განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ.
მისი თქმით, გუდაურში 2026-2027 წლის სათხილამურო სეზონისთვის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
,,ვიზიტორებს გუდაურში წელს ახალი ინფრასტრუქტურა დახვდებათ. ამ ეტაპზე ორი ახალი ბიგელის ტიპის საბაგიროს სადგურები შენდება. ასევე, ველით სულ მალე მოძრავი ხალიჩის სამუშოების დაწყებას, პარალელურად ეწყობა ორი ახალი სასრიალო ტრასა და მიმდინარეობს მიწის სამუშაოები გათოვლიანების სისტემის მოსაწყობად“, - განაცხადა ლევან დარსალიამ.