მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტით ჩვენს ქვეყანას ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ეძლევა - ინგა ფხალაძე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ინგა ფხალაძის შეფასებით, საქართველოს გააჩნია ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ ენერგეტიკული ჰაბი გახდეს. მისი თქმით, ქვეყანას აქვს განახლებადი ენერგიის ძალიან სერიოზული პოტენციალი, რომლითაც მონაწილეობას მიიღებს მწვანე ენერგეტიკის დერეფნის პროექტში და ელექტროენერგიის გატარება-მიწოდებაში ევროპისათვის.
„მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი, რომელშიც საქართველო, აზერბაიჯანი, უნგრეთი და რუმინეთი მონაწილეობენ, ერთმანეთთან დააკავშირებს აზიას და ევროპას - პროექტის ფარგლებში შესაძლებელი გახდება 4 000 მგვტ სიმძლავრის ელექტროკაბელების ზღვის ფსკერზე განლაგება და შესაბამისად, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ელექტროენერგიის მიწოდება. ამ პროექტის მნიშვნელობა ძალიან დიდია, ვინაიდან გარდა ელექტროენერგიისა, ასევე მოიაზრება წყალბადის მილის ჩადებაც, რაც, ჯერჯერობით, განხილვის პროცესშია. თავად პროექტი ემსახურება არამხოლოდ რეგიონის ელექტროენერგეტიკულ უსაფრთხოებას, არამედ, ზოგადად, ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებს" - განაცხადა ინგა ფხალაძემ და აღნიშნა, რომ მწვანე ენერგეტიკული დერეფნის ინიციატივის მამოძრავებელი ძალა იყო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები.
მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის საქართველოს გავლით მიწოდების შესაძლებლობებს. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ მწვანე ენერგეტიკული დერეფნის საშუალებით საქართველოს ექნება ევროპასთან პირდაპირი კავშირი - ელექტროენერგეტიკული საზღვარი, რომელიც გეოგრაფიულად არ გააჩნია.
„შესაბამისად, ჰაბად გარდაიქმნება საქართველო იმ კუთხითაც, რომ შესაძლებელი იქნება პორტების აშენება, ასევე როგორც ქართველი, ისე აზერბაიჯანელი, რუმინელი, უნგრელი მოქალაქეების დასაქმება ამ დიდი პროექტის აშენებაში და რეალურად, ელექტროენერგიისა და წყალბადის ძალიან დიდი სავაჭრო ცენტრების ჩამოყალიბებაში - ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ეძლევა ჩვენს ქვეყანას, რადგან მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი საკმაოდ მასშტაბურია, პარალელურ რეჟიმში განიხილება შავი ზღვის კაბელის პროექტიც. მწვანე დერეფნის პროექტის ინვესტიცია, ამჟამინდელი გაანგარიშებით, ათი-თორმეტი მილიარდი დოლარის მოცულობისაა, რაც არამხოლოდ სახელმწიფოს, არამედ ძალიან ბევრი კერძო კომპანიის დაინტერესებას იწვევს და სწორედ აქ არის ის შესაძლებლობა, რაც საქართველოს ძალიან სერიოზული ეკონომიკური, ფინანსური გაძლიერებისა და უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვის შანსს აძლევს. პროექტის ფარგლებში ბევრი ინფრასტრუქტურა უნდა აშენდეს, რაც დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი შესწავლის ფაზაშია. გეგმის მიხედვით, მისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა 2026 წელს დასრულდება, რის შემდეგაც შავი ზღვის ფსკერის გეოტექნიკური და გეოფიზიკური შესწავლის სამუშაოები დაიგეგმება.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.