მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები ჩინეთში საგანმანათლებლო სივრცეების დაგეგმვის გამოცდილებას გაეცნენ
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეები, ქვარა ჩართოლანი და ქეთევან შუბითიძე, ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში საბავშვო ბაღსა და გუანჯოუს თიანჰეს რაიონის ჰუიჯინგის ექსპერიმენტულ სკოლას ეწვივნენ.
დელეგაციის წევრები გაეცნენ სკოლამდელი და ზოგადი განათლების დაწესებულებების ინფრასტრუქტურას, ბავშვებისა და მოსწავლეებისთვის მოწყობილ სივრცეებსა და საგანმანათლებლო გარემოს. ვიზიტისას ყურადღება გამახვილდა იმაზე, როგორ ითვალისწინებს სივრცეების დაგეგმარება სხვადასხვა ასაკის ბავშვების საჭიროებებს, მათ უსაფრთხოებას და ყოველდღიურ აქტივობებს.
საბავშვო ბაღში სტუმრებმა დაათვალიერეს ჯგუფების ოთახები, თამაშისა და დასვენების ზონები და გარე სათამაშო სივრცე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბუნებრივი განათებისა და ვენტილაციით უზრუნველყოფას, ასევე ბავშვებისთვის უსაფრთხო და ასაკის შესაბამისი გარემოს მნიშვნელობას.
ჰუიჯინგის სკოლაში მოსწავლეები ცხრა წლიან სავალდებულო განათლებას იღებენ. სკოლას ორი კამპუსი აქვს, სადაც 4 399 მოსწავლე სწავლობს. დელეგაციას გააცნეს სკოლის საგანმანათლებლო მიმართულებები, მათ შორის ციფრული განათლება, მეცნიერება და ტექნოლოგიები, სპორტი და შემოქმედებითი აქტივობები.
ვიზიტისას მიღებული გამოცდილება ფონდის წარმომადგენლებს საგანმანათლებლო დაწესებულებების დაგეგმვისა და მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს მოწყობის საკითხებში საინტერესო პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობას მისცემს.
სხვა სიახლეები
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საბაზისო-თემატური გეგმის შემუშავებაზე მუშაობა იწყება
28.10.2026.12:34
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ინიციატივით, სიღნაღის მუნიციპალიტეტისთვის საბაზისო-თემატური გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც პროექტის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები გაეცნენ საპროექტო კომპანიის მიერ მომზადებულ პრეზენტაციასა და სამუშაო გეგმას. ასევე, იმსჯელეს პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებზე.
შეხვედრას სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსი ზურაბ წიკლაური, მისი მოადგილე სოფიკო მაისურაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი თუშიშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი და საპროექტო კომპანია „ურბანიკას” დირექტორი ირაკლი მურღულია ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტერიტორიის არსებული მდგომარეობის გაცნობისა და შემდგომი სამუშაოების ეფექტიანად განხორციელების მიზნით საპროექტო არეალიც დაათვალიერეს.