მზად ვართ ქართულ მხარეს ისრაელში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით დავეხმაროთ - ისრაელის ელჩი
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონტრაციო ბაზეზე, ისრაელის საელჩოს დაფინანსებით, MASHAV-ის პროგრამის ფარგლებში აშენებული თანამედროვე ტექნოლოგიის სათბური ისრაელის ელჩმა საქართველოში ჰადას ესტერ მეიცადმა დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. თანამედროვე სათბური აღჭურვილია ვენტილაციის, ფერტიგაციის და წვეთოვანი მორწყვის სისტემებით, ამ ეტაპზე ნაკვეთზე ჰიდროფონიკის (მცენარის უნიადაგოდ მოყვანის ინოვაციური მეთოდი) ტექნოლოგიის დანერგვა მიმდინარეობს.
„ჩვენი თანამშრომლობა შემდგომში სემინარების და ტრენინგების სახით გაგრძელდება, რომლის დაწყებასაც ოქტომბრიდან ვგეგმავთ. ისრაელიდან ჩამოვლენ ექსპერტები, რომლებიც მათ გამოცდილებას გაუზიარებენ ფერმერებს. ჩვენ ასევე მზად ვართ ქართულ მხარეს ისრაელში არსებული სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით დავეხმაროთ“ - აღნიშნა ისრაელის ელჩმა ჰადას ესტერ მეიცადმა.
სათბურის ძირითადი დანიშნულება ახალგაზრდა ფერმერების გადამზადება და მათთვის სემინარ-ტრენინგების ორგანიზებაა. აქ სხვადასხვა ქვეყნის აგრონომებსა და ექსპერტებს საშუალება ექნებათ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ.
სტურმებმა წილკნის ბაზაზე პროფესორ ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიაც დაათვალიერეს, სადაც 2017 წლიდან ნიადაგის სრულყოფილი კვლევა მიმდინარეობს, რომლის საფუძველზეც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ნიადგის შეფასება და მისი ნაყოფიერების დონის განსაზღვრა ხდება.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.