„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს შეხვდა
იტალიური გამოცემა Areanapoli წერს, რომ სააფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ჩემპიონთა ლიგაზე „მილანთან“ მატჩის წინა დღეს ხვიჩა კვარაცხელიას აგენტთან, მამუკა ჯუღელთან ერთად ისადილა.
„თითქმის წამიერად, კვარაცხელია „ნაპოლის“ გამორჩეული მოთამაშე გახდა. სეზონის წინ არავის სჯეროდა მისი თვისებების. სკეპტიკოსები ყოველგვარი ლოგიკის გარეშე საუბრობდნენ, აკრიტიკებდნენ „ნაპოლის“ მენეჯმენტს, რომელიც რამდენიმე წელია, შესანიშნავად და წინდახედულად მუშაობს.
ხვიჩამ აჩვენა, რომ არ აქვს მნიშვნელობა იტალიის ჩემპიონატზე დაბალი ლიგაში თუ თამაშობდი, მთავარი კლასია, ქართველს კი მაღალი კლასი აქვს. „ნაპოლიში“ გატარებულ ხანმოკლე პერიოდში ხვიჩამ კლუბი დააახლოვა ოცნებას, მოიპოვოს იტალიის ჩემპიონობა, რომელზეც ნეაპოლში 33 წელია, ოცნებობენ.
ახლა კი აურელიო დე ლაურენტისს მისი გუნდში დატოვება სურს. „ნაპოლი“-„მილანის“ მატჩის წინა დღეს ნეაპოლელთა პრეზიდენტმა ქართველის აგენტთან, მამუკა ჯუღელთან ერთად ისადილა. რა თქმა უნდა, კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხიც განიხილეს. თითქმის დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალ სეზონში ხვიჩა „ნაპოლიში“ ითამაშებს“, – წერს Areanapoli ჯუღელისა და დე ლაურენტისის ფოტოს აქვეყნებს.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.