ნათია მოდებაძე : „თქვენს დროს ქალაქის მერი ბიუჯეტის ნაშთს სახლში წაიღებდა, როგორც სჩვეოდა“
თბილისის საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის წევრი ნათია მოდებაძე ოპოზიციონერი კოლეგების განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბიუჯეტი უამრავ ნაწილში იზრდება, რასაც ოპოზიციონერები მხარს არ უჭერენ.
„განსაკუთრებულად უცნაურ გამოსვლებს ვისმენ დღეს ჩემი ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან და მინდა რამდენიმე შეკითხვა დავსვა დღევანდელ ბიუჯეტთან დაკავშირებით: ხან იმას გვსაყვედურობენ, რატომ ვერ ასაქმებთ ადამიანებსო, ხანაც - რატომ ასაქმებთ და ქმნით სამუშაო ადგილებსო, ბიუჯეტს ძარცვავთ, მაგრამ ნაშთი რატომ გრჩებათო. ურთიერთგამომრიცხავი კითხვებია. თქვენს დროს რომ მერი იყო, ის იმ ნაშთს სახლში წაიღებდა, როგორც სჩვეოდა. არ გისაუბრიათ თემატურ ნაწილზე, რაზეც უნდა ვსაუბრობდეთ. ჩვენ დღეს მხარს რომ ვუჭერთ, იმ ბიუჯეტის ნაწილით აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე 250 ბავშვი დაფინანსება. ამ რაოდენობამ კი მთლიანად ამოწურა მომლოდინე რეჟიმში მყოფი ბავშვები. არცერთი ბავშვი არ დარჩება მკურნალობის მიღმა. არაფერს საუბრობთ სოციალურად დაუცველი ბავშვების დაფინანსებაზე, ერთჯერად დახმარებებზე, მილიონობით გახარჯულ ლარზე, რომლითაც წამლები დაფინანსდა, კულტურულ-სპორტულ მიმართულებებზე. უამრავ ნაწილში იზრდება ბიუჯეტი, რომელსაც დღეს თქვენ მხარს არ უჭერთ. მესმის, რომ თქვენთვის რთულია დადებით და პოზიტიურ ჭრილში საუბარი, მაგრამ თქვენს ამომრჩეველს ეცით პატივი და ტყუილს მაინც ნუ იტყვით ან ნურაფერს ნუ იტყვით საერთოდ. პატივი ეცით თქვენს ამომრჩეველს“, - განაცხადა ნათია მოდებაძემ.
როგორც ნათია მოდებაძემ აღნიშნა, უპრეცედენტოდ გაზრდილი ბიუჯეტი მოხმარდება ყველა იმ ადამიანს, რომელიც მხარს უჭერს როგორც პოზიციას, ასევე ოპოზიციას.
„თქვენს ამომრჩეველს უთხარით, რომ მხარს არ უჭერთ გაზრდილ ბიუჯეტს, რომელიც იმ ადამიანებს უნდა მოხმარდეს, რომლებმაც თქვენ აგირჩიათ. ასევე, თქვენი დაშლილი პარტია დარდობს იმას, თუ სად არის პრემიერი და პარტიის თავმჯდომარე. „ქართული ოცნება“ არ დაიშლება და 2024 წლის ოქტომბრის ბოლოს გექნებათ პასუხი იმაზე, თუ რას აკეთებს და კიდევ რამდენი წელი გააკეთებს „ქართული ოცნება“ ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ საქმეს“, - განაცხადა ნათია მოდებაძემ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.