ნათია თურნავა ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკის (ICBC) პრეზიდენტს შეხვდა
შანხაიში გამართული სიპმოზიუმის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა მსოფლიოს უმსხვილესი ბანკის - Industrial and Commercial Bank of China (ICBC)-ის პრეზიდენტს ლინ ლიაოს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ICBC-ს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა ჩინური ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისა და ჩინეთის ობლიგაციების ბაზარზე ინვესტირების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ასევე საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციებსა და განვითარების პერსპექტივებზე.
ICBC ჩინეთისა და მსოფლიოს უმსხვილესი ბანკია, რომლის აქტივების მოცულობა დაახლოებით 7.6 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ბანკი 49 ქვეყანაში ოპერირებს და საერთაშორისო საბანკო სექტორის ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს.
ICBC აგრეთვე აქტიურია საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმართულებითაც, განსაკუთრებით კი განვითარებადი ქვეყნების სახაზინო ობლიგაციების, როგორც პირველად და აგრეთვე მეორად ბაზრებზე.
აღსანიშნავია, რომ ICBC-ს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის როგორც საქართველოს სუვერენული ევრობონდის გამოშვების, აგრეთვე სახაზინო ფასიანი ქაღალდების სინდიკაციისა და რეგულარულ აუქციონებში მონაწილეობის კუთხითაც.
სხვა სიახლეები
მსოფლიო საფოსტო კავშირის წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი საქართველოში მეცამეტედ გაიმართა
14.06.2026.17:17
საქართველოს ფოსტა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, 2026 წელს საქართველოში უკვე მეცამეტედ გაიმართა „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ (Universal Postal Union - UPU) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი.
კონკურსის დაჯილდოების ღონისძიება 14 ივნისს, ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში გაიმართა.
წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს საფუძველი 1971 წელს, Universal Postal Union-ის ტოკიოს კონგრესზე ჩაეყარა. დღეს კონკურსი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ახალგაზრდულ საგანმანათლებლო ინიციატივად მიიჩნევა და მასში ყოველწლიურად მილიონობით მოზარდი მონაწილეობს. კონკურსი ტარდება „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წევრ 192 ქვეყანაში, სადაც ეროვნული საფოსტო ოპერატორები ავლენენ გამარჯვებულებს, რომლებიც შემდგომ საერთაშორისო ეტაპზე აგრძელებენ მონაწილეობას.
2026 წლის საკონკურსო თემა, რომელიც „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ მიერ განისაზღვრა, არის:
„მისწერე წერილი მეგობარს იმის შესახებ, თუ რატომ არის ადამიანური კავშირი მნიშვნელოვანი ციფრულ სამყაროში“
(“Write a letter to a friend about why human connection matters in a digital world”).
კონკურსის მთავარი მიზანია წერილის წერის კულტურის პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში წერილობითი კომუნიკაციის განვითარება და თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ადამიანური ურთიერთობების მნიშვნელობის წარმოჩენა.
კონკურსის ფარგლებში ყველა მონაწილე სპეციალური სერტიფიკატით დაჯილდოვდა, გამოვლინდა საუკეთესო სამეული, ხოლო პირველი ადგილის მფლობელის ნამუშევარი გაიგზავნება საერთაშორისო ეტაპზე და საქართველოს სახელით ჩაერთვება „მსოფლიო საფოსტო კავშირის “გლობალურ კონკურსში.
საერთაშორისო გამარჯვებულის დაჯილდოების ცერემონია 2026 წლის 9 ოქტომბერს, მსოფლიო ფოსტის დღეს, ბერნში, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ სათავო ოფისში გაიმართება.