ნათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკისა და საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმში მთავარი მომხსენებლის რანგში წარდგა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკისა (PBoC) და საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) მიერ შანხაიში ორგანიზებულ მაღალი დონის საერთაშორისო სიმპოზიუმში „გლობალურ ფინანსურ გაურკვევლობაში ორიენტირება: მიმდინარე პროცესები ფინანსურ ბაზრებზე, საინვესტიციო სტრატეგიები და საერთაშორისო სავალუტო სისტემა“ მთავარი მომხსენებლის სტატუსით გამოვიდა.
სიმპოზიუმში მონაწილეობდნენ მსოფლიოს 30-მდე ცენტრალური ბანკისა და მონეტარული ორგანოს პრეზიდენტები და მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის - საფრანგეთის, გერმანიის, შვეიცარიის, გაერთიანებული სამეფოს, სინგაპურის, ჰონგ კონგის, ბრაზილიის, არგენტინის, ინდონეზიის, საუდის არაბეთისა და კატარის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები.
მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება ემსახურება მაღალი დონის პლატფორმის შექმნას, სადაც ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები იმსჯელებენ გლობალურ მაკროეკონომიკურ და ფინანსურ პროცესებზე, რეზერვების მართვის თანამედროვე სტრატეგიებზე, საერთაშორისო მონეტარული სისტემის განვითარების პერსპექტივებსა და ფინანსური ბაზრების მიმდინარე და გრძელვადიან ტენდენციებზე.
სიმპოზიუმის პირველ სესიაზე - „გლობალური მაკროეკონომიკური და ფინანსური ბაზრების განვითარება“, ნათია თურნავამ მიმოიხილა საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებები, საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე გეოპოლიტიკური პროცესების გავლენა და ცენტრალური ბანკების რეზერვების მართვის თანამედროვე გამოწვევები.
სიტყვით გამოსვლისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გლობალური საინვესტიციო გარემო გეოპოლიტიკური დაძაბულობის, სავაჭრო ფრაგმენტაციისა და მაკროეკონომიკური გაურკვევლობის ზრდის ფონზე კიდევ უფრო კომპლექსური ხდება.
„გრძელვადიანმა სავაჭრო დაძაბულობამ, სამხედრო კონფლიქტებმა ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში, ასევე მიწოდების ჯაჭვების გლობალურმა შეფერხებამ მნიშვნელოვნად გაზარდა ბაზრების ცვალებადობა და საინვესტიციო რისკები. დღეს გეოპოლიტიკური მოვლენები უკვე მხოლოდ გარე რისკები აღარ არის - ის ეკონომიკურ ცვლადებად იქცა, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს ინფლაციაზე, კაპიტალის ნაკადებზე, სავალუტო კურსებსა და საინვესტიციო სტრატეგიებზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება სავალუტო რეზერვების მართვის საკითხს დაუთმო და აღნიშნა, რომ მზარდი გეოპოლიტიკური რისკების პირობებში უსაფრთხოება რეზერვების მართვის უმთავრეს პრიორიტეტად იქცა. მისი შეფასებით, ოქროს მიმზიდველობა გაიზარდა, რადგან რეზერვების მმართველები ეძებენ ისეთ აქტივებს, რომლებიც ნაკლებადაა დამოკიდებული სუვერენულ და გეოპოლიტიკურ რისკებზე.
მისივე თქმით, მსოფლიოში სარეზერვო პორტფელების დივერსიფიკაციის ტენდენცია თვალსაჩინოა, ასევე შეიმჩნევა აზიური კაპიტალის ბაზრების მზარდი მიმზიდველობა.
„ცენტრალური ბანკებისთვის რეზერვების მართვის სამი ძირითადი პრინციპი არსებობს - უსაფრთხოება, ლიკვიდობა და მომგებიანობა. ბოლო წლებში უსაფრთხოების მნიშვნელობა საგრძნობლად გაიზარდა. სწორედ ამიტომ, მრავალი ცენტრალური ბანკი ცდილობს გააძლიეროს პორტფელების მდგრადობა და გაზარდოს დივერსიფიკაცია როგორც ვალუტების, ისე აქტივების კლასების მიხედვით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
სებ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ოქროში განხორციელებულმა ინვესტიციებმა მნიშვნელოვნად დადებითი გავლენა მოახდინა საქართველოს საერთაშორისო რეზერვების შემოსავლიანობაზე. მისივე განმარტებით, საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვების განთავსებისთვის ბაზრების გეოგრაფიულ და სავალუტო დივერსიფიკაციას ახორციელებს და ამ კონტექსტში, ტრადიციული ბაზრების პარალელურად, აზიური ბაზრები და ვალუტები მზარდ ინტერესს წარმოადგენს.
ნათია თურნავას განმარტებით, ასეთ გარემოში რისკების დისციპლინირებული მართვა, თანმიმდევრულობა და მოქნილობა, შესაძლოა, გრძელვადიანი საინვესტიციო წარმატების ყველაზე მნიშვნელოვან განმსაზღვრელ ფაქტორებს შორის აღმოჩნდეს.
სხვა სიახლეები
ტექნოლოგიურმა ჰაბმა რეგიონული მასშტაბით უკვე დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან ქალაქ ქუთაისში სრულიად რეგიონის ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით საინტერესო პროცესები დაიწყო - ავთანდილ კასრაძე
27.07.2026.21:30
„ქუთაისში რეგიონალური მასშტაბის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი გავაკეთეთ“, - ამის შესახებ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ განაცხადა.
სააგენტოს თავმჯდომარის შეფასებით, ტექნოლოგიურმა ჰაბმა სამხრეთ კავკასიის რეგიონის მასშტაბით უკვე დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან ქალაქ ქუთაისში სრულიად რეგიონის ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით საინტერესო პროცესები დაიწყო.
ავთანდილ კასრაძე ტექნოლოგიური განვითარების გზაზე ოთხი მთავარი საფეხურის შესახებ საუბრობს, კერძოდ - ინტერესიდან-უნარამდე, უნარიდან - პროტოტიპამდე და პროტოტიპიდან უკვე ინოვაციურ ბიზნესამდე.
„ეს ოთხივე საფეხური წარმოდგენილი გვაქვს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში. ყველაფერი იწყება ინტერესით - ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები კიდევ უფრო მეტად უნდა დაინტერესდნენ ტექნოლოგიებით, ინოვაციებით, მეცნიერებით“, - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.
სააგენტოს თავმჯდომარე ხაზს უსვამს, რომ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ყველაზე დიდი სივრცე ინტერაქციულ, სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მუზეუმს ეთმობა, რომელიც ინტერესის გაღვივების მთავარი ეპიცენტრია.
„ჩვენი შემდგომი ამოცანაა, რომ ამ ცნობისმოყვარეობას, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში გაჩნდება, უკვე კონკრეტული უნარები მივცეთ და მოქალაქეებს ჰქონდეთ სწავლების თანამედროვე მეთოდებთან წვდომა სრულიად უფასოდ. ცოდნის ამაღლების შემდგომ კი მათ შესაძლებლობა ექნებათ, მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებში მიღებული ცოდნა კონკრეტულ პროდუქტებად გარდაქმნან. ჩვენი მიზანი სწორედ ისაა, რომ ჩვენს მოქალაქეებს გავუმარტივოთ პროცესები და მხარი დავუჭიროთ ინოვაციური სტარტაპების გლობალურ გაფართოებას. სწორედ ამიტომ, ამ ლოკაციაზე ერთად შევკარით ყველა ის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც ამ პროცესისთვისაა საჭირო. აქ წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის საკონსულტაციო ცენტრი, ასევე ინტელექტუალური საკუთრების სწავლების ცენტრი, რადგან პატენტებსა და ინეტელექტუალურ საკუთრებას სტარტაპებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. სახელმწიფო უწყებებთან ერთად აქ წარმოდგენილი იქნება კერძო სექტორიც“- აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკები საქართველოს 9 ქალაქშია წარმოდგენილი, თუმცა ქალაქ ქუთაისში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური პარკი განთავსდა - ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით, ისეთი, როგორიცაა ვირტუალური რეალობის, დრონების, ელექტრონიკის, 3D პროტოტიპირების მიმართულებით.
„გარდა ამისა პირველი ლაბორატორია რობოტიკის მიმართულებით სწორედ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში განთავსდა. ამიტომ მინდა, ჩვენს ყველა თანამოქალაქეს ვუთხრა - არ არსებობს იდეა, რომელსაც ისინი ფრთებს ვერ შეასხამენ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში“- განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.