ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს ბო ლის შეხვდნენ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს ბო ლის შეხვდნენ.
შეხვედრა ბანგკოკში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში შედგა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას და მაკროეკონომიკური მაჩვენებლების სიძლიერეს, ქართულმა მხარემ სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილეს ქვეყანაში მდგრადი ფისკალური პოზიციისა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებისკენ გადადგმული ნაბიჯები გააცნო.
ბო ლის-თან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში გამწვავებულმა გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა ინფლაციის არხით მოახდინა. ხაზი გაესვა, რომ მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრა დიდწილად მიწოდების მხარეს მოქმედი შოკებით, კერძოდ, ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობის შედეგად ენერგომატარებლების გაძვირებით აიხსნება. ამასთან, აღინიშნა რომ მონეტარული პოლიტიკის მომავალი გადაწყვეტილებები დამოკიდებული იქნება არსებული გეოპოლიტიკური ვითარების განვითარების სცენარზე.
როგორც ბო ლიმ აღნიშნა, არსებული გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელსაყრელი ეკონომიკური ვითარების გამოყენება ეკონომიკური ბუფერების გასაძლიერებლად. ამ კონტექსტში მან დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ საქართველოს მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა ამ მიზანთან თანხვედრაშია და ქვეყანაში მიმდინარეობს როგორც საერთაშორისო რეზერვების, ისე ფისკალური ბუფერების დაგროვება.
მხარეებმა შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე და შემდგომი პერიოდის თანამშრომლობის ჩარჩოს შემუშავებაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები - ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.
სხვა სიახლეები
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო მონეტები გამოუშვა
12.10.2026.17:36
2026 წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელი აღინიშნება. ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო დანიშნულების 10 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის მონეტები მიუძღვნა.
მონეტების დიზაინი სებ-მა საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობით შეიმუშავა. თავად მონეტები კი პოლონეთის ზარაფხანაში დამზადდა.
326 წელს საქართველომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ამ მოვლენამ საქართველოს ისტორიისა და კულტურის განვითარებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანული რწმენა ქართველთა იდენტობის ერთ-ერთ უმთავრეს საფუძვლად იქცა და მნიშნველოვანი როლი შეასრულა ეროვნული თვითმყოფადობის, ღირებულებებისა და კულტურის ჩამოყალიბებაში. აღნიშნული ისტორიული მოვლენა წმინდა ნინოს ქადაგებას, მირიან მეფისა და ნანა დედოფლის გაქრისტიანებას უკავშირდება.
მონეტის წინა მხარეს მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს წმინდა ნინოს ვაზის ჯვრის (საქართველოში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებისა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სიმბოლო) გამოსახულება და საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო ქრისტიანული ნათლობის სცენა. ზედა მარცხენა ნაწილში გამოსახული სამი მტრედი ყოვლადწმინდა სამების, ხოლო ერთ-ერთი მტრედის ნისკარტში მოქცეული ზეთისხილის რტო სულიწმინდის სიმბოლოა. მონეტის ზედა ნაწილში წრიულად დატანილია წარწერები: „საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო - 1700", ხოლო ჯვრის ქვემოთ - საიუბილეო ციფრი „1700“ სტილიზებული სახით. ვერცხლის მონეტაზე ჯვრის გამოსახულება მოცულობითია და ახალი ტექნოლოგიით - ხისებრი ფაქტურით არის შესრულებული, ხოლო სტილიზებული ციფრი „1700“ ოქროსფერია.
მონეტის უკანა მხარეს მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს საქართველოში ქრისტიანული რწმენის, სიძლიერისა და უწყვეტობის ნიმუში - სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი. ტაძრის გუმბათის ზემოთ, რკალზე, დატანილია ნომინალის აღმნიშვნელი წარწერა. რკალის ზემოთ გამოსახულია მზის სხივები, მარადისობის და ქრისტეს, როგორც „სამყაროს სინათლის“ სიმბოლო. მონეტას რკალად გასდევს ტრადიციული ქართული ორნამენტი, რაც ურთიერთდაკავშირებულობასა და უწყვეტ მემკვიდრეობას აღნიშნავს. მონეტის ზედა ნაწილში დატანილია წარწერები „საქართველო 2026 GEORGIA“.
წარწერებში გამოყენებული შრიფტი სპეციალურად აღნიშნული მონეტის დიზაინისთვის შეიქმნა.
ოქროს მონეტის მახასიათებლები:
ნომინალი: 10 ლარი
შემადგენლობა: Au 900
წონა: 8.5 გ
დიამეტრი: 25 მმ
წიბო: გლუვი
ხარისხი: პრუფი
მოჭრის რაოდენობა: 3 000 ცალი
გამოშვების წელი: 2026
ვერცხლის მონეტის მახასიათებლები:
ნომინალი: 5 ლარი
შემადგენლობა: Ag 925
წონა: 28.28 გ
დიამეტრი: 38.61 მმ
წიბო: გლუვი
ხარისხი: პრუფი
მოჭრის რაოდენობა: 10 000 ცალი
გამოშვების წელი: 2026
ოქროს მონეტები 3 000-იანი ტირაჟით მოიჭრა და მისი სარეალიზაციო ფასი 3 250 ლარს შეადგენს.
ვერცხლის მონეტები 10 000-იანი ტირაჟით მოიჭრა და მისი სარეალიზაციო ფასი 300 ლარია.
მონეტების რეალიზაცია 2026 წლის 13 ოქტომბერს, დილის 10:00 საათიდან დაიწყება. მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებიდან, ასევე ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით.
საკასო ცენტრი - მისამართი: ქ. თბილისი, იასონ ლორთქიფანიძის 2 (კახეთის გზატკეცილი 72), ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-17:00 (შესვენება 13:00-14:00).
ყვარლის ფულის მუზეუმი - მისამართი: ქ. ყვარელი, შოთა რუსთაველის ქ. 10, სამუშაო დღეები: - ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 10:00-17:00 (შესვენება 13:00-14:00).
ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზია - https://moneymuseum.nbg.gov.ge/
იმისათვის, რომ მონეტების შეძენა შეძლოს მაქსიმალურად ბევრმა დაინტერესებულმა პირმა, საწყის ეტაპზე დაწესებულია შეზღუდვა - ერთ მომხმარებელს შეეძლება არაუმეტეს 1 ცალი ოქროს ან/და 1 ცალი ვერცხლის მონეტის შეძენა.
საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებიდან მონეტის შეძენისას, მომხმარებელმა აუცილებლად თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.