ნათია თურნავა Gojo & Company-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა სოციალური გავლენის მქონე ჰოლდინგ Gojo & Company-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს ტაეჯუნ შინს შეხვდა.
ნათია თურნავამ იაპონელ ინვესტორს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა გააცნო, ისაუბრა სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოსა და მყარ ფუნდამენტურ ფაქტორებზე, რის საფუძველზეც ქვეყანა გლობალურად მიმდინარე ეკონომიკურ გამოწვევებს წარმატებით უმკლავდება.
სებ-ის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მდგრად ფინანსურ სექტორზე, რაც საერთაშორისო ინვესტორებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა.
„საერთაშორისო ინვესტორებს იზიდავთ საქართველოს სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და სექტორის მდგრადობა ნებისმიერი გარე გაურკვევლობისა თუ შოკების მიმართ. იაპონელი ინვესტორი საფინანსო სექტორში ყველა ქვეყნისთვის სასურველია. ეს ქვეყანა ცნობილია საფინანსო სექტორის სიმყარით და ინვესტირების ხანგრძლივი ტრადიციებით, რომლებიც სტაბილურად და მუდმივად ზრდიან თავიანთ დაფინანსებას ქვეყნებში. Gojo & Company-ის გეგმები საქართველოში გრძელვადიანია,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
თავის მხრივ, Gojo & Company-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელმაც ქართულ საფინანსო სექტორში პირველი იაპონური ინვესტიცია უკვე განახორციელა და კრედო ბანკის 16.8%-იან წილს ფლობს, საქართველოს ეკონომიკის სტაბილურად მზარდ ტენდენციაზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ საქართველოს წარმატებაში. იაპონელი ინვესტორები გრძელვადიანი ხედვით და თანამშრომლობისადმი ერთგულებით გამოვირჩევით. ვგეგმავთ საქართველოში მეტი ინვესტიციის განხორციელებას, განსაკუთრებით რეგიონის მოსახლეობისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო გააგრძელებს განვითარებას და წინსვლას“, - განაცხადა ტაეჯუნ შინმა.
სოციალური გავლენის მქონე ჰოლდინგი Gojo & Company-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ტაეჯუნ შინი საქართველოში ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად იმყოფება.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.