ნათია თურნავა საფრანგეთის ბიზნეს გაერთიანების დელეგაციას შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საფრანგეთის ბიზნეს გაერთიანების (MEDEF) დელეგაციას შეხვდა. დელეგაციაში წარმოდგენილი იყო 20-მდე მსხვილი ფრანგული ბიზნეს ჯგუფი და კომპანია, რომლებიც პროექტებს ახორციელებენ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში.
შეხვედრაზე ნათია თურნავამ დელეგაციას ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ეკონომიკური პროგნოზებისა და ფინანსური სტაბილურობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
აღინიშნა, რომ მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები ძლიერია. გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები კარგად არის მართული და ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2026 წელს ინფლაცია მიზნობრივ 3-პროცენტიან დონეს დაუახლოვდება.
ნათია თურნავამ სტუმრებს საქართველოს საბანკო სექტორის მდგომარეობაზეც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ სექტორში ჯანსაღი ვითარება ნარჩუნდება. ძლიერი ეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორების ფონზე საქართველოს ეროვნული ბანკი ინარჩუნებს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დაგროვების გონივრულ პოლიტიკას, რის შედეგადაც რეზერვები რეკორდულ ნიშნულზეა.
ასევე აღინიშნა, რომ ეკონომიკური ზრდა ძლიერია, რომლის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებებია. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფინტექის განვითარების მიმართულებებსაც
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო აფასებს საფრანგეთთან ხანგრძლივ ურთიერთობას და ფრანგი ინვესტორების ნდობას ქვეყნის მიმართ.
სებ-ის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამთა სოფრომაძე, ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით უტიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი.
სხვა სიახლეები
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე დაწესებულების თანამშრომლებმა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს
21.09.2026.17:16
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე დაწესებულების თანამშრომლებმა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს, - აღნიშნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე.
„მსჯავრდებული გიორგი დავითაძე სისტემატურად არღვევს პენიტენციური დაწესებულების სარეჟიმო მოთხოვნებსა და შინაგანაწესს, ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს დაწესებულების თანამშრომლებს. ამის გამო, პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, მას არაერთხელ დაეკისრა დისციპლინური სახდელი. ამავე მიზეზით, 2025 წლის 21 დეკემბერს დავითაძე მოთავსდა დაწესებულების დეესკალაციის საკანში და მისი ოჯახის განმარტებით, სწორედ ამ დროს განხორციელდა მსჯავრდებულზე ღირსების შემლახველი ქმედება, რაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, სრული სიცრუეა.
აღსანიშნავია, რომ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანის და მისი იქ ყოფნის ამსახველი ჩანაწერები სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, კანონით დადგენილი წესით, გადასცა პროკურატურასა და სახალხო დამცველის ოფისს, 2025 წლის 29 დეკემბრის მოთხოვნის საფუძველზე. მასალის დათვალიერების შედეგად, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულზე ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა.
ამასთან, რადგან აღნიშნული მსჯავრდებული გამოირჩევა პროვოკაციული ქმედებებით, 2026 წლის 3 მარტიდან პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, უწყვეტად მიმდინარეობს გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალის დაარქივება. საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, პენიტენციური სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, გაასაჯაროოს როგორც გამოძიების მიერ გამოთხოვილი, ასევე უკვე მიმდინარე წლის მარტიდან გაკეთებული ვიდეოჩანაწერები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებსა და ყველა დაინტერესებულ პირს, საზოგადოებას მიაწოდონ მხოლოდ გადამოწმებული და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია და თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.