ნათია თურნავა სომხეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს მარტინ გალსტიანს შეხვდა
თბილისში გამართული რეგიონის ცენტრალური ბანკების მმართველთა მრგვალი მაგიდის შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა სომხეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს მარტინ გალსტიანს შეხვდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთის ცენტრალურ ბანკებს შორის მჭიდრო და მრავალწლიან თანამშრომლობას. ყურადღება გამახვილდა ინფორმაციისა და გამოცდილების რეგულარული გაცვლის მნიშვნელობაზე, რაც ხელს უწყობს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებასა და საერთო გამოწვევებზე ეფექტიან რეაგირებას. მხარეებმა ასევე იმსჯელეს რეგიონში არსებულ მაკროეკონომიკურ გარემოსა და საფინანსო სექტორის მდგომარეობაზე.
შეხვედრაზე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის ახალ მემორანდუმს, რომელიც მნიშვნელოვნად აფართოებს თანამშრომლობის სფეროებს. მემორანდუმი ითვალისწინებს ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას ფინანსური ინსტიტუტების რეგულირებისა და ზედამხედველობის, მონეტარული პოლიტიკის, საგადახდო სისტემების, ფასიანი ქაღალდების ბაზრის, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებისა და ფინანსური ტექნოლოგიების საკითხებზე.
სხვა სიახლეები
მზის პანელების შეძენისა და მონტაჟის მოტივით 40 000 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა
13.11.2026.16:35
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა იმ მოტივით, რომ შეიძენდა და დაამონტაჟებდა მზის პანელებს, დაზარალებულებს 40 000 ლარი ჩაარიცხინა, რომელიც მიისაკუთრა და ქვეყნის ფარგლები დატოვა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.